ახალი ამბები

თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ — ბრეგაძე სააკაშვილზე

13 დეკემბერი, 2022 • 1204
თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ — ბრეგაძე სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ექიმების საქმიანობისთვის “ხელის შეშლაზე” საუბრობს. მისი თქმით, ადგილი აქვს “გარკვეულ სიმულაციებს” და თუ ეს არ შეწყდება, სახელმწიფო იძულებული გახდება, “გარკვეული კადრები” გაასაჯაროოს.

“რა თქმა უნდა, გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე. ეს თამამად უნდა ვთქვათ. ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს.

ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვას მკურნალი ექიმებისთვის.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი”, — დასძინა ბრეგაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რა სახის “სიმულაციებზე” საუბრობს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა იმის დამადასტურებელი კადრები, რომ “მიხეილ სააკაშვილი ავადობას სიმულირებს”, ბრეგაძემ თქვა:

“როდესაც ვამბობთ რაიმეს, და მეც ვთქვი ახლა, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა. ასეთი არის, მათ შორის, ვიდეომასალა. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ.

ასევე, ეს ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს… გვაქვს ასევე გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას და ასევე, კონკრეტულად, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას”, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, შემდგომ კი დასძინა:

“შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი… თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები… რომლებიც შემდგომში საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმ ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ”.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

ხვალ, 14 დეკემბერს, სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

წინა სხდომა, რომელიც 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი