ახალი ამბები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი „ღამის შოუს ბენდს“ 40 000 ლარს გადაუხდის

21 დეკემბერი, 2022 • 2253
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი „ღამის შოუს ბენდს“ 40 000 ლარს გადაუხდის

ზესტაფონის მუნიციპალიტეტიმა ნაძვის ხის განათების ცერემონიისთვის „ღამის შოუს ბენდის“ მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  მომსახურების საერთო ღირებულება 40 000 ლარია, საიდანაც გელა გნოლიძე, ჯიმო აბესაძე, გიორგი გაბუნია და ზვიად ბლიაძე, თითოეული 4 500 ლარის ოდენობით ხელფასს მიიღებენ, ბაბი კირკიტაძე და თამარ გიორგობიანი კი, 3500-3500 ლარს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ მუნიციპალიტეტი გეგმავს, 2022 წლის 21 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება აღნიშნოს განსაკუთრებულად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა თაობის წარმომადგენლისთვის.

ხოლო გრაფაში, თუ რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, მუნიციპალიტეტი მიუთითებს, რომ ბენდი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა:

„გამოკითხვებით დადგინდა, რომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების სურვილი არის, რომ მოწვეული იქნეს ქ. ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

ღამის შოუს ბენდს, რომელიც მუსიკალურად აფორმებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ და რომლის წევრი – ბაბი კირკიტაძეც „პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია, ხშირად იწვევენ მუნიციპალიტეტები კონცერტზე.  სიას რამდენიმე დღის წინ დაემატა ხელვაჩაურიც. ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან „ღამის შოუს ბენდს“ 30 000 ლარს გადაუხდიან.

„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი