ახალი ამბები

„ოცნება“ სპეკულირებს ომის თემაზე, რათა შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს — უკრაინის საგარეო

21 დეკემბერი, 2022 •
„ოცნება“ სპეკულირებს ომის თემაზე, რათა შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს — უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ უპასუხა „ქართული ოცნების“ ბრალდებას, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავნა ქვეყნის ომში ჩართვის სპეცოპერაციის ნაწილი იყო.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა საქართველოში იყო უკრაინის სპეცოპერაცია თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს არ მიმართავს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.

უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. სამაგიეროდ, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს“, — წერს ნიკოლენკო Facebook-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ, ასევე, დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში გადაყვანის მიზნით.

ასევე, კიევი ითხოვს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. საპასუხოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში და ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ. „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია“, რომელიც მათ შორის ემსახურებოდა ქვეყნის ომში ჩართვას და სწორედ სპეცოპერაციის ავტორებმა უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც.

ჰააგამ გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი