ახალი ამბები

კრიტიკის პასუხად, სამინისტრო დაფინანსებას ახსენებს ჩემპიონ სამბისტს

20 დეკემბერი, 2022 • 1092
კრიტიკის პასუხად, სამინისტრო დაფინანსებას ახსენებს ჩემპიონ სამბისტს

ქართველ სამბისტს, რომელმაც სპორტის სამინისტროს მხრიდან უყურადღებობის შესახებ ისაუბრა, უწყებამ ის ფინანსური ხარჯები შეახსენა, რომელიც მის სასარგებლოდ გაწიეს.

28 წლის ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონი მიმდინარე წლის ნოემბერში გახდა, 20 დეკემბერს კი “ფეისბუკზე” სპორტის სამინისტრო გააკრიტიკა.

სამბისტის თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ არ შეხვედრიან, უწყებამ წაშალა სოცმედიაში გამოქვეყნებული პოსტიც, რომლითაც ჩემპიონობას ულოცავდა.

“სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია.

კარგი, ალბათ, არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?!

ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს”, — დასძენს ქებაძე და იქვე აღნიშნავს, რომ განაგრძობს ვარჯიშს და ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ასახელოს.

საპასუხოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურმა გვერდმა ქებაძის პოსტის ქვეშ ორი კომენტარი დაწერა.

სამინისტროს კომენტარი ელენე ქებაძის პოსტის ქვეშ

პირველში უწყება აღნიშნავს, რომ მისალოცი პოსტი სამინისტროს გვერდზე ისევ განთავსებულია და მოუწოდებს სამბისტს, “ამგვარი განცხადების გაკეთებამდე” ინფორმაცია გადაამოწმოს.

მეორე პოსტში სამინისტრო სამბისტს ეუბნება, რომ პატივს სცემს და ყოველთვის ახარებს მისი წარმატება, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი პოსტი უსამართლოა და იმ ხარჯებს ახსენებს, რომელიც სპორტსმენის სასარგებლოდ გაწიეს.

სამინისტროს კომენტარი ელენე ქებაძის პოსტის ქვეშ

ელენე ქებაძე ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი: პირველად ეს მოხდა 2018 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მეორედ კი — მიმდინარე წელს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში.

პოსტი, რომლითაც კულტურის სამინისტრომ ელენე ქებაძეს ნოემბერში ჩემპიონობა მიულოცა, თავდაპირველად მხოლოდ სპორტსმენის მიერ მიღწეული წარმატების დეტალებს აცნობდა საზოგადოებას. თუმცა, გამოქვეყნებიდან მალევე, პოსტი ჩაასწორეს და ერთი წინადადება დაამატეს:

“სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი