ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატი დეპუტატებს მოუწოდებს, ოპონირებისას ბავშვები ნეგატიურ კონტექსტში არ ახსენონ

19 დეკემბერი, 2022 • 779
ომბუდსმენის აპარატი დეპუტატებს მოუწოდებს, ოპონირებისას ბავშვები ნეგატიურ კონტექსტში არ ახსენონ

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, პოლიტიკური დისკუსიის წარმართვისას გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვნების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება და თავად იყვნენ თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი.

„სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ბოლო დროს პოლიტიკური ოპონირებისას გაკეთებულ მიმართვებს, რასაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს. ბავშვები არიან უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი ინდივიდები და არა — პასიური ობიექტები. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვნების ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი. თითოეულ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით პარლამენტის წევრს, საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, არაძალადობრივი გარემოს შექმნას“, — ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტს მოუწოდებს, აამოქმედოს ეთიკის საბჭო დეპუტატის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და აღნიშნულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის ორგანიზაციებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 16 დეკემბერს მოუწოდა შვილებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების გამოხმაურებისკენ. აღნიშნულს წინ უძღოდა დეპუტატ ანი წითლიძის მიერ მინისტრის შვილების ხსენება.

„რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ კი, როდესაც ვეუბნები, რომ მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოღალატე მამის სახელით, ეს არის მისი იუსტიციის მინისტრობის განაჩენი და ამას ვერ ასცდება. როგორც სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებმა იციან, თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ომში რუსულ ოცნებასთან უნდა იცოდნენ, რომ მათი დღევანდელი ჯალათობა და ბოლშევიზმი არის ის ისტორიული განაჩენი, რაც მათ თვითონ აირჩიეს და რაც არამხოლოდ მათ, გაჰყვება მთელ მათ შთამომავლობას“, — დაწერა ანი წითლიძემ Facebook-ზე.

წითლიძის რეპლიკას „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა.

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კი თქვა, რომ ერთადერთი, რასაც მინისტრის ოჯახის წევრები და ახლობლები იხილავენ, არის ის, თუ როგორ წარდგება რატი ბრეგაძე მართლმსაჯულების წინაშე.

ბრეგაძე ომბუდსმენის აპარატს შვილებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებზე გამოხმაურებას სთხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი