ახალი ამბებიკინოხელოვნება

გლოვაში არაფერია რაციონალური, ანუ სიყვარული … ცხოვრება

19 დეკემბერი, 2022 • 2746
გლოვაში არაფერია რაციონალური, ანუ სიყვარული … ცხოვრება

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ასობით ფილმის ანბანურ ჩამონათვალში აღმოაჩენდი ერთ ფილმს, რომლის სათაურიც ყველგან მხოლოდ ინგლისურად ეწერა. გაუგებრობაშიც კი აღმოჩნდებოდი ერთხანს. „Love Life“  … რა არის აქ უთარგმნელიო, იტყოდი. კიდევ თუ დაფიქრდებოდი, ეჭვს შეიტანდი შენს ადრინდელ დასკვნაში და იმაზე დაიწყებდი ფიქრს, თავად როგორ თარგმნიდი ფილმის სათაურს.

და როცა უკვე სეანსიდან გამოხვიდოდი, ლაპარაკი დიდხანს აღარ მოგინდებოდა და შეეცდებოდი, რაც შეიძლება მეტხანს დარჩენილიყავი ფილმთან, შენს ფიქრებში მიჯრით გაჩნდებოდა სათაურის შესაძლო თარგმანის ასოციაციები. იპოვიდი ერთს, მერე მეორეს, მესამეს და იტყოდი, რომ „Love Life“  ყველაფერია, სიყვარულით სავსე ცხოვრებაც, სიყვარულით ცხოვრებაც და ცხოვრების სიყვარულიც.

არის ერთი განსაკუთრებული ფილმი, რომელშიც მგლოვიარე მთავარი პერსონაჟი თავის მეგობარს სევდიანი დიალოგისას ეუბნება – „გლოვაში არაფერია რაციონალური“. შემთხვევით არ გამხსენებია ჰორტენზის სიტყვები კოჯი ფუკადას ფილმის შემდეგ, რადგან იაპონურ სურათს  სწორედ ეს წინადადება ესადაგება ზუსტად.

მიოე ბოდიშს მოუხდის რძალს თავისი უცნაური საქციელის გამო და დააყოლებს, არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, ბოდიშს გიხდი, აქამდე გარდაცვლილები მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები თუ მინახავსო. ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ ტკივილს, რომელიც შეიძლება ბავშვის გარდაცვალებამ მოიტანოს, ანტიდაბადების შემზარავმა აქტმა, რომელიც სიცოცხლის ციკლს უკუღმა აბრუნებს და მშობელს იძულებულს ხდის დაიტიროს შვილი. აბა, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს პანაშვიდის სცენა, უსიტყვო დატირებით, სილის გაწვნით, ამოხეთქილი ტირილითა და ტკივილით. ასეთ ტკივილს სიტყვა არ სჭირდება. ამიტომაც გარბიან აქ  მუდმივად ადამიანები. ხანდახან გინდა გაამტყუნო კიდეც ისინი, გაბრაზდე, მაგრამ რატომ, არავინ იცის, ამას ვერ ახერხებ. მათი ყველაზე გაუაზრებელი და სულელური საქციელიც კი გასაგებია შენთვის. პერსონაჟების ყველაზე არარაციონალური გადაწყვეტილებებისაც კი გესმის, რადგან იცი, რომ ხშირად რაღაცების კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვება, ნაბიჯების ვერ გადადგმა, ადგილზე დარჩენა და შესაძლო, ვერ მიღებულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე ფიქრი ბევრად უფრო რთულია და სასტიკი, ვიდრე გულისთვის მინდობა და შეცდომის დაშვება. ეს შეფასებას მოკლებული გამბედაობაა, რომლისთვისაც ფილმში ყველას აქვს მზაობა. შეცდომები უნდა მოხდეს, რათა ტკივილით და გლოვით სავსე მთავარმა პერსონაჟებმა ბოლოს შეძლონ ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა. არ ვიცი, ეს დასაჯერებელია თუ არა, მაგრამ სიყვარული … სიცოცხლე, არც ერთხელ არ გიჩენს არაბუნებრიობის და სიყალბის განცდას. უბრალოდ, ყველას ენდობი და უსიტყვოდ გესმის პერსონაჟების. აქ სიტყვა ყველაზე უკანა პლანზე დგას, აქ ყველაფერი ლაპარაკობს, მაგრამ უსიტყვოდ. ეს ყველაფერი ან გესმის, ან არა, მაგრამ თუ შეძლებ გაიგო, მეეჭვება, მისწვდე რამეს ამაზე გულწრფელს, მტკივნეულს, სევდიანს და ლამაზს.

სიყვარული … ცხოვრება, ბოლოს ამ ვერსიაზე შევჯერდი, რადგან კოჯი ფუკადას ფილმი სიყვარულიცაა და ცხოვრებაც. ოღონდ განცალკევებით. სიყვარული … ცხოვრება. აუცილებელი სამი წერტილით სიყვარულსა და ცხოვრებას შორის, რადგან აქ სწორედ სიყვარულია ის, რაც ხდის ცხოვრებას შესაძლებელს და პირიქით. ფილმის სათაური იმეორებს აკიკო იანოს (Akiko Yano) სიმღერის სათაურს, რომელიც ფილმის ფინალში უწყვეტად ჟღერს და უწყვეტი სიმღერა სრულად ერწყმის გამოსახულებას. მართლაც, აქ  ვერანაირი მანძილი ვერ აჩერებს სიყვარულს ერთმანეთისადმი. უამრავი ფიზიკური და სულიერი დაშორება ვერ ცვლის სიყვარულს. სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, სიყვარული ცვლის ცხოვრების წესს. სიყვარული თავისუფლებაა. სიყვარული აძლევს პერსონაჟებს შესაძლებლობას იპოვონ საკუთარი თავი. ეს დიდი ძიებაა საკუთარი თავის შესაცნობად, რომელიც ხანდახან იმედს გიცრუებს, გაბრაზებს, მაგრამ, აბა, ვისთვის ყოფილა მარტივი გადაწყვეტილებამდე მისვლა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. უგრძნობ, ხშირად ვერ თქმულ სიტყვებს ცხოვრება ამბობს. ყველაფერი ერთდება ცხოვრებით, ცხოვრება სიყვარულია, სიყვარული კიდევ ცხოვრება, ორივე ერთად კი, არასწორი გადაწყვეტილებების კონა. თუმცა თანადროულად, ორივე ერთობაა, რომელიც გაძლევს იმედს, რომ ვიღაც ყოველთვის დაგელოდება, გაპატიებს და უსიტყვოდ მიგიღებს.  ეს დიდი განწმენდაა, რამაც ბევრი გააღიზიანა, მაგრამ ჩემთვის არაფერია იმაზე გულწრფელი და ნამდვილი, როგორც სასტიკი ტკივილით/გლოვით გაერთიანებული ადამიანების უსიტყვო ერთობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი