ახალი ამბები

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

18 დეკემბერი, 2022 • 1101
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

თურქეთის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. შესაბამისი ღონისძიება მარნეულში, საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თბილისმა ანკარისგან ტექნიკა “ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით” მიიღო.

უწყების ცნობით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.

“მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს”, — ამბობს სამინისტრო.

განცხადების მიხედვით, ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილ სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას უკავშირდება.

“საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ”, — აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი