ახალი ამბებიეკონომიკა

რუმინეთის პრეზიდენტი: ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან

17 დეკემბერი, 2022 • 4687
რუმინეთის პრეზიდენტი: ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან

“ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი”, – ეს განცხადება დღეს, 17 დეკემბერს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს ვერნერ იოჰანისმა გააკეთა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას. რუმინეთში მიმდინარე ღონისძიებაში ილჰამ ალიევთან, ვიქტორ ორბანთან დ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

“მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარების და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის შეთანხმებას”, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საჭიროა უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევების დასაძლევად, დღევანდელი შეთანხმება კი ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.

რუმინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც რუმინეთის ხანგრძლივი პარტნიორი,

“დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველი მათ შორის არის, წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით. მეორე, განვითარება ახალი გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურისა, სახელდობრ შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი. მესამე არის ერთობლივი პროექტები, მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის ენერგოეფექტურობა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ასევე შეიტანს წვლილს მდგრად განვითარებასა და ზრდაში ამ რეგიონის ქვეყნებში. ასევე გვინდა წინ წავიწიოთ უფრო სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით, გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კლიმატის ცვლილებას ყველას გვეხება ძვირფასო კოლეგებო, უსაფრთხოება, კლიმატი და ეკონომიკური გამოწვევები, მოითხოვს უფრო მეტ ურთიერთჩართვას და თანამშრომლობას რეგიონულად და გლობალურად”, – განაცხადა მან.

“მე მივესალმები დღევანდელ ცერემონიაზე შემდეგი ლიდერების დასწრებას: ევროკომისიის პრეზიდენტ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მისი აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ ამ ინიციატივის, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიმართ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება, წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად და ასევე ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, კონსტანციდან მოხდება ეს კავშირი, ასევე გაძლიერდება ვაჭრობა აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან, ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ და ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისებას და მედეგობის გაზრდას, მე მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება დღეს და ამ მიზნით გვაერთიანებს ყველას, მადლობას გიხდით,“- აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.


ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს.

გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად „დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება“.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

მოგვიანებით, იმავე მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით უნგრული მხარე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავდა.

„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.

ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.

უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, რუსეთისგან იღებს

გაეცანით მასალას აღნიშნული პროექტის შესახებ ნეტგაზეთის არქივიდან:

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადამცემი ხაზი მართლაც აშენდება, ევროპაში ენერგიის ექსპორტი, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამოიმუშავებენ, პირველად გახდება შესაძლებელი.

ამ შემთხვევაში საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს, რომლის პარტნიორიც  2017 წლიდანაა.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა დაჩქარდეს ნენსკრაჰესის მშენებლობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი