„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატები იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენდნენ.
კამათი დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც რატი ბრეგაძემ სხდომაზე ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე სასამართლო საქმეებიდან ამონარიდების წაკითხვა დაიწყო, რის გამოც დეპუტატების ნაწილმა გააკრიტიკა.
დეპუტატი სალომე სამადაშვილი ბრეგაძეს მოუწოდებდა, მის კითხვებზე გაეცა პასუხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხებოდა:
„ჩემი შეკითხვა შეეხებოდა საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას: მართლაც მოწამლულია თუ არა სააკაშვილი, თუ არ ენდობიან იმ დასკვნას, რაც დაიდო, როგორ აპირებენ ამ საკითხს პასუხი გასცენ. მეორე, ჩემი შეკითხვა შეეხებოდა, რა გეგმა აქვს მას, რომელსაც უთხრეს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილი არ მოკვდეს, როგორ ესახება ეს.
ამაზე პასუხის გაცემისას ბრეგაძემ ამოიღო სასამართლო საქმეები, რაც გავაპროტესტეთ მე და ხათუნა სამნიძემ, ვთქვით, რომ არაფერ კავშირში არაა მისი ეს პათოლოგიური გადაწყვეტილება [დეტალურად წაეკითხა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი პატიმრების ჩვენებები] ჩემს კითხვასთან და მოვითხოვე კითხვისთვის გაეცათ პასუხი. ამის გამო დამატოვებინეს დარბაზი, იმიტომ, რომ ადგილიდან ვსაუბრობდი“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.