ახალი ამბები

ჰააგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა – მელია

16 დეკემბერი, 2022 • 975
ჰააგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულებას და აცხადებს, რომ „თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ“.

„უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ. უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„გუშინაც კი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას 2008 წლის ომს ახსენებდა, როგორც მის დანაშაულს. მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ბრალს გვდებდა იმაში, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ის იყო რუსული ნარატივი, რომელსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იმეორებდა რუსული სატელიტი ქართული ოცნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ 16 დეკემბერს ბრიფინგზე.

მელიას განცხადებით, „ის, რაც „ოცნებისთვის“ დანაშაულია, – პატრიოტიზმი და ღირსება, – ცივილიზებული კაცობრიობისთვის რჩება მუდმივ ღირებულებად“.

„ამ ღირებულებებთან შინაგანი შეუთავსებლობა განაპირობებს ოლიგარქიული რეჟიმის ბრძოლას საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინაში პუტინის იმპერიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი შეფასებით, „სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება იმისა, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე“.

„ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, რა მოხდებოდა, თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს“, – განაცხადა მელიამ.

16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

ნახეთ დეტალურად:

აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგაში დასრულდა, ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

მასალების გადაბეჭდვის წესი