ახალი ამბები

საია: მაჟორიტარები საარჩევნო კოდექსს არღვევენ

28 მაისი, 2010 • • 1126
საია: მაჟორიტარები საარჩევნო კოდექსს არღვევენ

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო) ამბობს, რომ პრიზები საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულებს, როგორც „ფეისმა“ (ცნობილი სახე) ისე გადასცა.

მისივე თქმით,  კანდიდატმა ოქროს, ვერცლის და ბრინჯაოს მედლით საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საიამ კი 9 მაისს, აღნიშნული ფაქტის გამო, რომელიც ტელეეთერშით გაშუქდა,  ცესკოში საჩივარი შეიტანა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკითხის განხილვას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს.  დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, საიამ სასამართლოში მიმართვა და კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გაუქმება მოითხვა.

საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ გაჩეჩილაძემ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი დაარღვია, რომლის მიხედვითაც  საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ, როგორც ნებისმიერი ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, ასევე, ამგვარი ქმედების განხორციელება სხვა პირების მეშვეობით.

საიაში აცხადებენ, რომ  სიუჟეტის თანახმად (რომელიც ორი ტელეკომპანიის– რუსთავი 2–ისა და იმედის ეთერში გავიდა),ზურაბ გაჩეჩილაძე, ვაზისუბნის მაჟორიტარი კანდიდატი, ერთ–ერთი საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორი იყო, რომლის გამარჯვებულებსაც 500 ლარის ოდენობის პრიზი გადაეცათ.

საჩივარი საიამ კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატზე შეიტანა. „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

მიზეზი აქაც საარჩევნო კოდექსის იგივე მუხლის დარღვევაა. საქმე ეხება 22 მაისს ბუკიას ბაღში დამონტაჟებულ ეკრანს, რომელზეც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა.

საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა გაბუნიამ, ტელეკომპანიების –იმედისა და რუსთავი 2–ის 2010 წლის 23 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, ბუკიას ბაღში ეკრანი დაამონტაჟა. ფეხბურთის მოყვარულებს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრანსლაციის ყურება შესთავაზა.

ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ღონისძიება, რომელიც საიას საჩივრის მიზეზი გახდა, არ ყოფილა მის მიერ ორგანიზებული. მისი თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ბუკიას ბაღში შეკრებილ ადამიანთა შორის, თავადაც მიწვეული სტუმარი იყო.

„ჩემი მხარდამჭერი კლუბის ორგანიზებით (რომელიც ზაზა გაბუნიას მაჟორიტარად წარდგენიდან მეორე დღეს დაარსდა), ბუკიას ბაღში დაიდგა ეკრანი, რომელსაც მეც დავესწარი. არც ჩემი საარჩევნო ფონდიდან და შტაბიდან არ დაფინანსებულა ეს ღონისძიება.“

რაც შეეხება ფინანსებს, რომლებიც 22 მაისს დაიხარჯა, გაბუნია ამბობს, რომ უხერხული იყო, მათთვის ეკითხა, თუ რამდენი დახარჯეს.

„მადლობის მეტი არაფერი მეთქმოდა, მაგრამ არა მგონია ბევრი დამჯდარიყო“,–ამბობს გაბუნია.

ცესკოში აცხადებენ, რომ საკითხის მოკვლევას დრო სჭირდება. თუმცა დროის სიმცირის გამო, არ არის გამორიცხული, ცესკომ აღნიშნული საკითხის განხილვა ვერ მოასწროს.

„განცხადება შემოსულია ცესკოში და განვიხილავთ ამ საკითხს, გვიან შემოიტანეს სამწუხაროდ, ყველანაირად ვეცდებით, რომ განვიხილოთ“,–ამბობს ჯული გიორგაძე, ცესკოს პრეს მდივანი.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს ქალაქ თბილისის მერობის ორი კანდიდატის – ზვიად ძიძიგურის და ირაკლია ალასანიას– საკითხის განხილვა და შემდგომი რეაგირება მოსთხოვა.

ამ შემთხვევაშიც, საარჩევნო კოდექსის 73–ე მუხლის მე–9 პუნქტის დარღვევაზეა საუბარი. საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ძიძიგურის და ალასანიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის დარღვევას.

ალასანიას შემთხვევაში,  კანდიდატი სასწავლო ცენტრ „ვიციპედიაში“ კონკურსში გაამრჯვებული ბავშვების დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა, რომელზეც ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.

ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით,  „მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.“

9 მაისს ზვიად ძიძიგურის მიერ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონისთვის ყვავილების და ღვინის მირთმევა, საჩივრის  მიზეზი გახდა.

„ მიუხედავად გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათისა, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრის გადაცემას, მიუხედავად მათი ღირებულებისა.“–ნათქვამია საიას განცხადებაში.

ცესკოში აცხადებენ, რომ საის საჩივრების განხილვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი