ახალი ამბები

„ასეთი სამსაათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია“ – წულუკიანი სააკაშვილზე

15 დეკემბერი, 2022 • 692
„ასეთი სამსაათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია“ – წულუკიანი სააკაშვილზე

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი მოშიმშილე პატიმარი უნახავს, თუმცა „ასეთი სამსაათიანი სიმულანტობა“ პირადად მას არ შეხვედრია:

“ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში. ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებული იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც მისდა გასაკვირად დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა“, – ამბობს თეა წულუკიანი.

14 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი