ახალი ამბებირეკლამა

უკრაინისთვის გენერატორების შესყიდვის კამპანიას PSP და GIG შეუერთდა

15 დეკემბერი, 2022 •
უკრაინისთვის გენერატორების შესყიდვის კამპანიას PSP და GIG შეუერთდა

სოლიდარობის აქციის ფარგლებში, რომელიც ენერგოკრიზისში მყოფი უკრაინისთვის გენერატორების შესყიდვას გულისხმობს GM Pharma  (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 – 300 ათასი ლარი გამოყვეს.

სოლიდარობის აქცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის  მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას  ქართული ბიზნესიც შეუერთდა. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში.  

” ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისე ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები. რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული,” – აღნიშნულია კომპანიების გავრცელებულ განცხადებაში.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს. ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი