ახალი ამბები

„საჩივარს შევიტანთ მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“ – სააკაშვილის ადვოკატი

15 დეკემბერი, 2022 •
„საჩივარს შევიტანთ მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“ – სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სააკაშვილის დაცვის მხარე საჩივარს მოამზადებს.

ადვოკატის თქმით, პირველ რიგში საჭიროა გამოძიება, თუ რატომ არ მოხდა მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომაზე გადაყვანა და ამასთან, გაირკვეს, თუ როგორ მოხვდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იუსტიციის მინისტრის ხელში:

„საჩივარი შევა იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ და დაიწყოს გამოძიება, გაარკვიონ რა მოხდა, პირველი პროცესზე რატომ არ მოხდა სააკაშვილის გადმოყვანა და მეორე, როგორ და რანაირად მოხვდა იუსტიციის მინისტრის ხელში ეს კადრები. ნეობოლშევიზმი და ნეოკომკავშირლობა უნდა დასრულდეს.

საქმე არის სასამართლოში და სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განიხილოს ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის და ბოლშევიკური მეთოდების გამოყენების გარეშე. პროცესზე გააჟღერა პენიტენციურის წარმომადგენელმა, შეიძლება ბევრი მასალა დაარქივებული არ გვაქვსო და ამის საწინააღმდეგო ვიხილეთ. ყველაფერი დაარქივებული და შენახული აქვთ. ასე რომ, რა ტოტზეც ისხდნენ, ის ტოტი თავადვე მოიჭრეს“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება 14 დეკემბრის საღამოს გაავრცელა.სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა“. სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს. ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება. გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

კადრების გამოქვეყნებამდე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ „თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდებოდა სიმულაციური ქმედებები, კადრები გასაჯაროვდებოდა“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი