ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინის ომში რუსეთის სატელიტების ბედიც წყდება” – განხილვები ცხინვალში

29 ნოემბერი, 2022 • 2209
“უკრაინის ომში რუსეთის სატელიტების ბედიც წყდება” – განხილვები ცხინვალში

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში სულ უფრო ძლიერდება აზრი, რომ ამ ომში არა მხოლოდ რუსეთის, მისი სატელიტების ბედიც წყდება. პატრონი-სახელმწიფოს შესაძლო დამარცხება უკრაინაში, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა ან დასუსტება, საფრთხედ აღიქმება სამხრეთ ოსეთის არსებობისთვის.

რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების პირველივე პერიოდში სამხრეთ ოსეთის საზოგადოების დამოკიდებულება ორად გაიყო.

ერთი ნაწილი დაეთანხმა რუსეთის პროპაგანდას, რომელიც მოგვიანებით გახდა სამხრეთ ოსეთის პროპაგანდაც. მათი აზრით, მომხდარი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში პრორუსული ორიენტაციით თვითგამორკვეული ტერიტორიების გაჩენის ტენდენციის გაგრძელება – რაც უფრო მეტი ასეთი ტერიტორია გაჩნდება, მით უფრო დამაჯერებელი იქნება მსოფლიო საზოგადოების თვალში, რომ  მათ აქვთ უფლება თვითგამორკვევაზე.

მეორე ნაწილი,- ძირითადად, ინტელიგენციის წარმომადგენლები,- ფიქრობს, რომ მსგავსი შედარებები ეწინააღმდეგება მათ ოცდაათწლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და სამხრეთ ოსეთს აქცევს კრემლის პოლიტიკურ პროექტად.

საზოგადოების ეს ნაწილი თავიდანვე წინააღმდეგი იყო, ეღიარებინათ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა და  გაეგზავნათ მოხალისეები დონბასში 2014 წელს. 

“ეს ჩვენი საქმე არ არის, მცირე ერი ვართ, ვისაც საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნის და არ გვყავს ზედმეტი ადამიანები, რომ სხვების ომებში დავკარგოთ”, – ამბობდენ შიდა სადისკუსიო სივრცეებში მოწინააღმდეგები. 

“ჭკუიდან გადავიდნენ? რაში სჭირდებათ ეს?” – ამბობდნენ “24 თებერვლის მოწინააღმდეგეები” ცხინვალში კიდევ უფრო ვიწრო წრეებში. 

უკრაინაში მომხდარ მოვლენებზე წარმოდგენა ჯერ არ იყო ბოლომდე ფორმირებული, როცა ცხინვალში უკვე გაჩნდა წინასწარგანწყობა, რომ ეს ამბავი სამხრეთ ოსეთისთვის უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

შემდეგ იყო შოკი როგორც ომის “მომხრეებში”, ასევე “მოწინააღმდეგებში”, როდესაც მარტის შუა რიცხვებში უკრაინაში გაგზავნეს  რუსეთის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე ათასი ოსი ჯარისკაცი, თბილი ტანსაცმლის, ჯავშანჟილეტებისა და საგზლის გარეშე.

“ამას არასოდეს გაპატიებთ!” – უწერდნენ სოციალურ ქსელებში ანატოლი ბიბილოვს, სამხრეთ ოსეთის ყოფილ ლიდერს, მოქალაქეები.

როდესაც 2018 წელს პრეზიდენტმა ბიბილოვმა მცირერიცხოვანი სამხრეთ ოსეთის არმია დაითხოვა და ოსი სამხედროები რუსეთის მეოთხე ბაზაზე კონტრაქტით გადაიყვანა, ფიცს დებდა ჯარისკაცების დედების წინაშე, რომ არცერთი ჯარისკაცი, არცერთი გარემოების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არ იომებდა. 

თუმცა, 2022 წლის მარტში უკვე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცების წინ იდგა და ოსი მებრძოლების შერცხვენას ცდილობდა – ფაქტიურად ითხოვდა, მოხალისეებად წასულიყვნენ და 2008 წლისთვის რუსეთისთვის “ვალი გადაეხადათ”. იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტით მსახურობდნენ, ოსი ჯარისკაცები უკრაინაში მათი თანხმობის გარეშე არ გაუშვიათ. თითოეულმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო და ეომა თუ სახლში უსაფრთხოდ დარჩენილიყო.

სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში “ნაციონალური კატასტროფის” განცდა გაჩნდა: ათასი ბიჭი – ეს არის რაოდენობა ბიჭებისა, რომელიც სამხრეთ ოსეთში დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში იბადება. 

კონტრაქტით მომუშავეთა გაშვება დროში დაემთხვა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას სამხრეთ ოსეთში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თეზისი გახდა  სამხრეთ ოსეთის არმიის აღდგენა და, შესაბამისად, ბიჭების სახლში დაბრუნება.

თუმცა მას შემდეგ არმიის აღდგენის თემა მხოლოდ სოციალურ ქსელებში განიხილება. 

თუ კონფლიქტის დასაწყისში არმიის აღდგენა აღიქმებოდა როგორც შესაძლებლობა, გამოეყვანათ ბიჭები კონფლიქტის ზონიდან, დაახლოებით ოქტომბრიდან საზოგადოება განიხილავდა სამხედროების დაბრუნებას, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სასწრაფო ზომას.

სპეცოპერაციის წარუმატებლობამ, მსოფლიოს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა, ასევე იმ ფაქტმა, რომ მოსკოვმა ფაქტიურად თურქეთს “ჩააბარა” სირია და სუსტი პოზიცია გამოავლინა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში შფოთი გამოიწვია.

დაბოლოს, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების იმ ნაწილს, ვინც წინააღმდეგი იყო, რუსეთ-უკრაინის საქმეებში ჩარეულიყო ოფიციალური ცხინვალი – 24 ნოემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ დაკავებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების მქონე ვიზების გაცემის აკრძალვას. აკრძალვა შეეხო ასევე ყირიმს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

ასეთი პასპორტებით არც მანამდე უშვებდნენ ევროპაში, ამიტომაც მოსახლეობის მოგზაურმა ნაწილმა ადრევე თქვა უარი ადგილზე გაცემულ რუსულ პასპორტებზე. ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, დღეს სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს აქვს რუსული პასპორტი და რუსეთის შიდა პასპორტი. შესაბამისად, ისინი რუსეთშივე იღებენ საზღვარგარეთს პასპორტებს ჩაწერის მიხედვით.

ამ კუთხით შფოთვის მიზეზი არა სანქციები, არამედ ის არის, რომ ევროპამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, უკრაინის რეგიონების მსგავსად, რუსეთის მიერ “შემოერთებული” ტერიტორიების კონტექსტში მოაქცია.

არსებობენ ოპტიმისტებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, ევროპა დავარწმუნოთ, რომ უსაფუძვლოა, სამხრეთ ოსეთისა და  უკრაინის საკითხები ერთმანეთს შეადარონ, თუმცა, ზოგადად, ადამიანები აქ საკუთარ თავს აღიქვამენ შექმნილი მდგომარეობის მძევლებად.

ამით ამოწურულია შიდა უთანხმოება სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში – რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ისინი უკრაინის ომზე, მათ არ აქვთ არჩევანი: თუ რუსეთი დამარცხდება, დარწმუნებული არიან, რომ მათ სახლებშიც დატრიალდება უბედურება.

ამ აზრს ამყარებს ოსებსა და ქართველებს შორის სოციალურ ქსელებში ტრადიციული დაპირისპირებებიც. ამასთან დაკავშირებით, ცხადია, “სოციოლოგიური კვლევები” არ არსებობს, თუმცა მაინც საყურადღებოა, რომ დისკუსიის მონაწილეებს შორის საზოგადოებრივი აზრის სპიკერები აღმოჩნდნენ.

სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა: ჩვენი პრობლემა საქართველოსთან უნდა გადავჭრათ მოლაპარაკებების გზით. მოდით, ვიპოვოთ ეს გზები. სხვა შემთხვევაში, გინდათ, საკუთარ შვილებს დაუტოვოთ ეს პრობლემები?”

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ეს მოსაზრება სკეფსისის შემდეგ ბანალური ტროლინგის მსხვერპლი გახდებოდა. ახლა საქმე სხვაგვარადაა. 

“ვილოცოთ, რომ რუსეთი გადარჩეს. გეოპოლიტიკას დიდი ქვეყნები აკეთებენ. ვერც ჩვენ და ვერც ქართველები ვერაფერს გადავწყვეტთ”, – წერს ფეისბუკზე მოქალაქე ვიქტორია გაბარაევა. 

ამ პუბლიკაციას ბევრი ქართველი მომხმარებელი გამოეხმაურა. ცხადია, ეს მოსაზრებები შესაძლოა ვერ გამოხატავდეს უნივერსალურ განწყობებს საქართველოში, თუმცა ეს ადამიანები ტრანსლირებენ ზუსტად იმ მესიჯს, რისიც ეშინიათ სამხრეთ ოსეთში.

ამიტომაც ძირითადი მოტივაცია იმ ოსი ჯარისკაცებისა თუ მოხალისეებისა, ვინც წავიდა უკრაინაში საბრძოლველად, არის ის, რომ გადაჭრან პრობლემა იქ, რომ არ მოუწიოთ ამის გაკეთება შინ. სწორედ ამით არის განპირობებული დიდი ნაკადის წასვლა დონბასში, წინა ხაზზე. 

პირველი ათასი ოსი კონტრაქტორებისა მონაწილეობდა აზოვ-სტალის შტურმში. ახლა ისინი ზაპოროჟიეში არიან. უკრაინაში წავიდა დაახლოებით ორი ათასი მებრძოლი, რომელთა შორის 30 დაიღუპა. რუსული არმიის დანაკარგების ფონზე ეს ციფრი მინიმალურია, რასაც ადგილობრივები ოსი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობას მიაწერენ. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ამის გამო არა. 

რუსეთის გუბერნიებიდან გაგზავნილი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის კონტრაქტორები ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების პატრონაჟის ქვეშ არიან. სწორედ მათ უზრუნველყვეს მათი აღჭურვა ჯავშანჟილეტებით, სიგარეტით, თბილი ტანსაცმლითა და საკვებით. სოფლების მცხოვრებლები ჯარისკაცებისთვის კვადროკოპტერებსაც ყიდულობენ.

გარდა ამისა, ყოველთვე დეპუტატებს თუ ხელისუფლების წევრებს მათთვის ჩააქვთ ჰუმანიტარული დახმარება. ბოლოს ასეთი ჰუმანიტარული ტვირთი თავად პრეზიდენტმა გაგლოევმა ჩაიტანა, პირადად გაესაუბრა მებრძოლებს და გამოჰკითხა, რა უჭირთ და რა სჭირდებათ.

ასეთი ზრუნვა და კონტროლი ცალსხა სიგნალია რუსული მხარისთვის, რომ “ჩვენ არ მივცემთ უფლებას, ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად აქციოთ”. 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ომის მოლოდინი ისევ არსებობს სამხრეთ ოსეთში. ეს მოლოდინი ვერ გააქრო ვერც 14- წლიანმა მშვიდობამ, ვერც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე არმიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. 

ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ადგილობრივმა პოლიტიკურმა სპექტრმა ლოზუნგებით: “ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა”, “საქართველო რევანშისთვის ემზადება”, “მოღალტეები არიან ჩვენ შორის!”. ამ ყველაფერს კი პერიოდულად ემატება უშიშროების სამსახურის განცხადებები საქართველოს შემოჭრის გეგმების შესახებ საქმეების გახსნაზე და ჯაშუშების მხილებაზე.

ეს სპეკულაციები საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას,  უსაფრთხოების მოტივებით შეეკავებინა პოლიტიკური ოპონენტები და საზოგადოების სწრაფვა დემოკრატიზაციისკენ. გარდა ამისა, ეს საშუალებას იძლეოდა ის სიცარიელე შეევსოთ, რომლის ადგილზეც შეიძლებოდა გაჩენილიყო განვითარების იდეოლოგია. 

ეს მანიპულაციები მუშაობდა, რადგან მათში ყველაფერი ტყუილი არ ყოფილა, საქართველოს ხომ არასოდეს დაუმალავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი. რუსეთის პატრონობა კი არასოდეს აღიქმებოდა უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიად.

კონფლიქტის განმავლობაში, ჯერ კიდევ სამშვიდობოების შემოსვლამდე, ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსი სამხედროები, რომლებიც მხარეებს შორის იდგნენ, საიდუმლოდ ტოვებდნენ სკუთარ პოზიციებს, როცა “ცხინვალს ეძინა”. ქალაქის მცხოვრებლებმა კი მხოლოდ ერთ დილით აღმოაჩინეს, რომ “რუსები წავიდნენ” და ერთი-ერთზე დატოვეს ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებთან. ეს გაკვეთილი აქ არ არის დავიწყებული.

შემთხვევითი არაა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დისკუსიაში რუსეთთან შეერთებაზე ასე ფორმულირდება: სანამ არ გავხდებით რუსეთის ნაწილი, არ გვექნება გარანტია, რომ საქართველოს არ ჩაგვაბარებენ. 

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საზოგადოებაში გაზრდილი დაძაბულობის საპასუხოდ მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს.

15 ნოემბერს, მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შედეგებზე პრესკონფერენცია გამართა.

“რუსეთი, როგორც პასუხიმგებლიანი პარტნიორი, ასრულებს და კვლავაც შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროებში. ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული ურთიერთობები საქართველოსთან და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გვაღელვებდეს. მსოფლიოში ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების თემა კვლავ აქტუალურია”.

განცხადების მეორე დღესვე საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა ცხინვალის სკოლების ევაკუაციის მიმართულებით სამხედრო სწავლებები დაიწყო, რომელიც მიმართული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენას და ევაკუაციის დროს პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებაზე. 

აღნიშნული ღონისძიებები და ჩინოვნიკების განცხადებები მხოლოდ ამყარებს მოსახლეობის აზრს, რომ მზად უნდა იყვნენ ყველა უარესი სცენარისთვის. 

ისმის კითხვა: რა მოხდება ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში? 

თეორიულად მაქისმუმ ხუთიათასიანი არმია, მათ შორის 90 -იანების მებრძოლებით, ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის აღჭურვაზე რუსეთი იზრუნებს. სწორედ ამიტომ, იწყება დისკუსია საქართველოსთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე, რომელსაც უპირისპირდება საზოგადოების მეორე ნაწილის კონტრკითხვა: და რის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ მათთთან, საქართველო ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებს? არა! მაშ, რის შესახებ? 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი