პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოკუპირებული ქვეყნისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია, თუმცა ამისათვის პოლიტიკური მაგალითებია საჭირო.
მისი თქმით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება პრივილეგია არ უნდა იყოს.
ამის შესახებ მან დღეს, 13 დეკემბერს, პარლამენტში ისაუბრა.
„როდესაც საუბრობთ სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე, დიახ, აუცილებელია, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რომლის ირგვლივაც ასეთი გამოწვევებია, ქვეყანას ჰყავდეს სავალდებულო ჯარი და არა ისეთი, როგორიც ახლა გვყავს.
თუმცა აუცილიბელია, არამხოლოდ ის, რომ სავალდებულო იყოს ჯარში მსახური, აუცილებელია, პოლიტიკოსებმა მაგალითი მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს და გავუშვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები ჯარში. იმიტომ, რომ არ შეიძლება პრივილეგირებული იყვნენ პოლიტიკოსები, შეძლებული ადამიანები და სავალდებულო გაწვევა იყოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ შეიძლება გადაიხადონ მოსაკრებელი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას სწავლის პერიოდშივე შეძლებენ.
მისი განცხადებით, გეგმის თანახმად, 23 წლამდე პირებს (სტუდენტებს), 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე მომზადება, საბოლოოდ კი მათ რიგითის წოდება მიენიჭებათ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსს თანახმად, რომელიც მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ წარადგინა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში და, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვით ძალებში იქნება შესაძლებელი.