„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობა „ბიბლიური თავისუფლების“ გამო მას „აშავებს“, როდესაც რელიგიური ორგანიზაცია მეორე „გირჩს“ დარჩა.
ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის აღარ იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა ახალგაზრდობის წინაშე.
„გუშინ ბიძინას მოურავმა მთავრობის სხდომაზე მლანძღა, მკრეხელობაში დამდო ბრალი და დააანონსა რომ საკანონმდებლო ინიციატივით პრაქტიკულად გააუქმებს ბიბლიურ თავისუფლებას. გუშინდლიდან მოყოლებული სამთავრობო ტროლ-გვერდებმა წამოიწყეს კამპანია, თითქოს ბიბლიური თავისუფლებით მე ვიშოვე 2 მილიონამდე. ამ დროს ჩვენ ვყვირით, რომ ბიბლიური თავისუფლება გადასარჩენია. ის „გირჩი“ ამბობს, რომ არ აპირებს ბიბლიური თავისუფლებისთვის ბრძოლას. თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია, მიდის იმ „გირჩში“. „ოცნება“, რომელმაც ზუსტად იცის, სად მიდის ბიბლიური თავისუფლების შემოსავალი, მაშავებს მე, თითქოს მილიონებს ვშოულობდე. ის „გირჩი“ არ უარყოფს ამას და არ ამბობს გასაგებად, რომ მე ბიბლიური თავისუფლების შემოსავლებთან არაფერი მაქვს საერთო, აგრძელებს შემოსავლის მიღებას, თან ისე, რომ არ დავიცავთ ამ ორგანიზაციას საპატრიარქო-ოცნების ტანდემისგანო“, — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მისი თქმით, „ოცნებაც“ კმაყოფილია, რადგან ჯაფარიძის „გაშავების“ ახალი თემა შექმნა, და საპატრიარქოც კმაყოფილია — „შეიძლება ისევ მონოპოლისტები გახდნენ სავალდებულო გაწვევის თავიდან არიდების სფეროში“.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ბიბლიური თავისუფლება“ „ეხმარება ახალგაზრდებს, თავი აარიდონ 1-წლიან მონობას — ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს“.
„როდესაც ის შევქმენით რამდენიმე წლის წინ, მთავარი დარტყმა საპატრიარქოსგან და შემდეგ „ოცნებისგან“ მოვიდა ჩემზე — მე ვიყავი სახე და გამხმოვანებელი „გირჩის“ იდეების. მე მაგინეს, მე ჩამდეს საფლავში, მე გადამცეს ანათემას… „გირჩის“ გაყოფის შემდეგ, ეს ორგანიზაცია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც „გირჩს“ ებადა, დარჩა იქით“, — წერს ზურაბ ჯაფარიძე.
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მისი პარტია „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის არ იბრძოლებს.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძოლებს.
„ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით მოქალაქეებს. იმ ხალხს, რომელსაც არ უნდოდა იძულებით რაღაცის კეთება. იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება, ვერც ხალხისგან მივიღეთ მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ.
ამ პროცესს ჩვენც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენი ყველა არგუმენტი ამისკენ იქნება. ზოგადად, ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმებასაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, ბიბლიური თავისუფლება რომ უმსგავსი და ანტიეროვნული ყოფილიყო, საქართველოს ეკლესიასთან დაახლოებული პირები მსგავს ორგანიზაციას არ გააკეთებდნენ.