ახალი ამბები

2300 მეგავატის ელექტროსადგურები აშენდება – ღარიბაშვილი

12 დეკემბერი, 2022 • 763
2300 მეგავატის ელექტროსადგურები აშენდება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ ინვესტიციებზე.

მისი განცხადებით, წლის ბოლომდე გამოცხადდება 1500-მეგავატიან პროექტზე ტენდერი, ასევე „გაეშვება“ უკვე გაფორმებული მემორანდუმები დამატებით 800 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ.

„2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით სხვა მეგავატებს [პროექტებს]“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2023 წელს აქცენტი გაკეთდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ქარისა და მზის სადგურებზე და ასევე თბოელექტროსადგურებზე. მისი განცხადებით, ახალი თბოელექტროსადგურებისგან 600 მეგავატის სიმძლავრის მიღებაა შესაძლებელი.

„ეს ჯამში სამი-ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 12 დეკემბერს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გაავრცელა განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა 17 მილიარდით განისაზღვრება, რაც ასევე მოიცავს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობას შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც ერთმანეთს საქართველოსა და ევროკავშირს დააკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი