ახალი ამბები

„ხაშურში ნამყოფი არაა, ოზურგეთში 3 წელში ერთხელ თუ ჩავა“ — ხაბეიშვილი მელიაზე

12 დეკემბერი, 2022 • 776
„ხაშურში ნამყოფი არაა, ოზურგეთში 3 წელში ერთხელ თუ ჩავა“ — ხაბეიშვილი მელიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიამ პარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ უპასუხა.

„ერთი თვეა, მოვუწოდებ, გამოდით ოთახებიდან ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ (წიკლაურს მივმართავ). მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის“, — განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიას სურდა პარტიის გენერალური მდივნის [პეტრე ცისკარიშვილი] გადაყენება, თუმცა ნახა, რომ მხარდაჭერა არ ექნებოდა. პოლიტსაბჭოს 11 დეკემბრის სხდომაზე ცისკარიშვილს დროებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პირობებში, პარტიის ფინანსების განკარგვა შეზღუდა.

„ვინმეს თანამდებობიდან გადაყენება-არ გადაყენებაზე საუბარი სერიოზულად არ მიმაჩნია. ჰკითხეთ იმ კანდიდატს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ამ პირობებში რაღაც ბუღალტერიაზე ლაპარაკი. თავმჯდომარე თავად არის და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა. თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის საქმის კურსში არ არის, ასპინძაში ნამყოფი არ არის, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში სამ წელიწადში ერთხელ ჩავა… ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ ვერ უპასუხა გამოწვევებს, რომელიც პარტიას ჰქონდა“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდება. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი