ახალი ამბები

“თუმანიშვილის” თეატრის მსახიობების შრომითი მოთხოვნები დაკმაყოფილდა – “გილდია”

12 დეკემბერი, 2022 •
“თუმანიშვილის” თეატრის მსახიობების შრომითი მოთხოვნები დაკმაყოფილდა – “გილდია”

ორთვიანი მედიაციის შემდეგ თუმანიშვილის თეატრის მსახიობების შრომითი დავა დასაქმებულთა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდია” ავრცელებს, რომელიც დავის პროცესში თეატრში დასაქმებულებს წარმოადგენდა.

დავის მიზეზი რამდენიმე თვის წინ თეატრის ახალი ხელმძღვანელის, ვანო ხუციშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გახდა, რომლის ფარგლებშიც მან თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე თანამშრომლების ნაწილს სამუშაო პირობები შეუცვალა, მათ შორის, ზოგს შეუმცირა, ზოგს კი გაუზარდა ანაზღაურება, ნაწილს კი განსხვავებული ხელშეკრულებები დაუდო. ამასთან, სამსახურიდან გაათავისუფლა დასაქმებულთა ნაწილიც. თეატრის ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ ის მსახიობები, ვისაც შეუმცირდა ანაზღაურება და ასევე ისინიც, ვისაც გაეზარდა.

“გილდიას” ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორის შუამდგომლობით თეატრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტი გაფორმდა. მსახიობების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ნაწილზე მუშაობა კი უკვე კოლექტიური მოლაპარაკების ფარგლებში გაგრძელდება.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • დასაქმებულებთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების 8-თვიანი ვადა შეიცვლება და საერთო ჯამში განისაზღვრება 4 წლით.
  • დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, ცვლილები შეიტანოს იმ დასაქმებულებთან დადებულ შრომით ხელშეკრულებებში, რომელთა შრომის ანაზღაურებაც, თანამდებობის ცვლილების გარეშე იქნა შემცირებული და მათი შრომითი ანაზღაურება განუსაზღვროს პირვანდელი ოდენობით.
  • დამსაქმებელი გამოთქვამს მზადყოფნას, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, სრულად ითანამშრომლოს დასაქმებულთა მიერ შექმნილ ერთობასთან.
  • დამსაქმებელი გამოთქვამს მზადყოფნას, დასაქმებულთა მხრიდან კოლექტიური ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მომართვის შემთხვევაში, კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკება დასაქმებულების წარმომადგენლებთან და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში დადოს დასაქმებულთა შესაბამის გაერთიანებასთან კოლექტიური ხელშეკრულება.
  • თეატრში მსახიობის პოზიციაზე დასაქმებული პირისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით
  • დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას საკუთარი ინიციატივით შეიმუშაოს მსახიობთა სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრის შეძლებისდაგვარად ობიექტურ და სამართლიან, მათ შორის, თვლად კრიტერიუმებზე დაფუძნებული წესი და წარუდგინოს შეთანხმებისა და კონსულტაციებისათვის თეატრის მსახიობთა დასს (მათ შორის დასაქმებულთა გაერთიანებას/წარმომადგენელს), იმ პირობით, რომ 2022 წლის დეკემბრის ბოლო სამუშაო დღემდე შესაძლებელი გახდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად ხელფასის განსაზღვრა. სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრის წესი უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
  • მსახიობის სახელფასო ანაზღაურების გადახედვა უნდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ მაინც, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად;
  • ხელფასის ცვლილება უნდა გამომდინარეობდეს წინასწარ შეთანხმებული ზ/ა კრიტერიუმების საფუძველზე.
  • დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თეატრის რეპერტუარში დღეს არსებულ სპექტაკლებს და უზრუნველყოს მისი შენარჩუნება.
  • დამსაქმებელი იძლევა გარანტიას, რომ დასაქმებულების მიერ შრომით დავაში მონაწილეობა არ გახდება მათდამი რაიმე კუთხით განსხვავებული მოპყრობის ან მათი შრომითი პირობების გაუარესების საფუძველი.

“იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ შემუშავებული სახელფასო ანაზღაურების წესი ვერ მოიპოვებს თეატრის მსახიობთა 3/4-ის მხარდაჭერას, ან ვერ მოხდება მხარეთა მიერ წარმოდგენილ ვარიანტებზე შეჯერება, დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას გააგრძელოს თეატრის მსახიობთა დასთან კონსულტაციები ორივე მხარისათვის (როგორც დამსაქმებლის, ასევე თეატრის მსახიობთა დასისათვის) მისაღები ანაზღაურების წესისა და შესაბამისი კრიტერიუმების შესამუშავებლად”, – განმარტებულია “გილდიას” განცხადებაში.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად

თუმანიშვილის თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ — რას აპროტესტებენ მსახიობები

მასალების გადაბეჭდვის წესი