ახალი ამბები

ბოლო ზარიდან გეი დღიურამდე

28 მაისი, 2010 • 2865
ბოლო ზარიდან გეი დღიურამდე

გასულ კვირას სკოლა გამახსენდა. იმიტომ არა, რომ სკოლა ოდესმე მიყვარდა და ნოსტალგიამ შემაწუხა. რამდენიმე ბლოგერმა სკოლა დაამთავრა და მათ ბლოგებზე ბოლო ზარის ფოტოები, ვიდეო რგოლები და სკოლაზე დაწერილი პოსტები გამოჩნდა. ყურადღებით წავიკითხე, მაინტერესებდა, რა შეიცვალა ჩემი „ბოლო ზარის“ შემდეგ და, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა. მგონი ბევრი არც არაფერი შეცვლილა; ექსკურსიები, წარწერები თეთრ პერანგზე, უკბილო, გაცვეთილი ხუმრობა, გამოშვების საღამო და „ამის მერე იყო ბევრი ცეკვა, ტლინკაობა, სმა, არეულობა, დარეულობა. მოკლედ ყველაფერი. ვცეკვავდით გაუჩერებლივ და დავიმხეთ მთელი რესტორანი. უკვე ოპერატორი და ფოტოგრაფი ყველას ეკიდა. აღარავინ ცდილობდა, წესიერი გოგო/ბიჭი გამოჩენილიყო კამერის წინ. ვგულაობდით ბოლომდეეეეეეე… კიდე ვერ გამიაზრებია, რომ ბანკეტი მქონდა, რომ სკოლა დავამთავრე, რომ უკვე დიდი ვარ. მგონია, რო ჩვენს პონტში რესტორანში ვიყავით და ვიმხობდით…“  – წერს siyvarulovna თავის ბლოგზე. რა ნაცნობია, არა?! და კიდევ უფრო ნაცნობია სიტუაცია, რომელზეც Dissolved Girl საუბრობს პოსტში „ბოლო ზარი“: „ვათვალიერებ უცნობი ადამიანების ფოტოებს, სადაც გახარებულები და ბედნიერები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ…  ჩემი წინსაფარი გადმოვიღე.  უამრავი წარწერაა, ძირითადად–სახელები. ასეა. ჩემმა კლასელებმა სახელები დამიტოვეს, შეგრძნებები და სურვილები–არა.“

მსგავსი შინაარსის პოსტების კითხვის შემდეგ მოგონებები სკოლაზე ჩამოვიბერტყე, მერამდენედ გადავწყვიტე, რომ ლურჯი და წითელი მელნით აჭრელებული წინსაფრები გულს არ მიჩუყებს, არც სკოლის ბუფეტში ნაყიდი „კორჟიკისა“ და „პერაშკის“ გემო მენატრება და გაცილებით უფრო მხიარული პოსტების კითხვით გავერთე.

გიფიქრიათ, რომ თბილისის სიმბოლო შესაცვლელია?! აი, მაგალითად, gijmaj-ი  თვლის, რომ თბილისის სიმბოლოდ შერაცხული ქართლის დედა XX საუკუნის კულტურის ნაწილია და თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი სქესდაკარგული ქალის ადგილი არ არის; „თბილისს უფრო თანამედროვე სიმბოლო შეეფერება. ეს ხომ ფერადი, მხიარული, კონტრასტებით სავსე ქალაქია. აქ თავს იყრიან ათასგვარი რელიგიური, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სოციალური შემადგენლობის მქონე ადამიანები, რომელთა შეხედულებათა მრავალფეროვნება ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიდის… მოდის კვირეულები; საერთაშორისო კონფერენციები; ღამის ბარებში გრიალი; ზოოპარკში ახალი ცხოველების შემოყვანა; რამდენიმე ქუჩიდან ბოზების გაძევება; ინტენსიური მშენებლობები; პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტები; საიდუმლო შეხვედრები და ცოლ–ქმრული ღალატი….ასეთი ქალაქის სიმბოლო როგორ შეიძლება იყოს მოდიდან გამოსული ტანსაცმლით ჩაცმული ქალი, რომელიც სტატიკურად გასცქერის დინამიკურად მოძრავ ქუჩებს?“ – კარგი პოსტია, ბლოგიც ძალიან საინტერესო, მაგრამ ამ კვირის ჩემი ფავორიტი პოსტი ჩეშირის კატასთან  ვიპოვე.

თუ თქვენ ინტერნეტის მინიმუმ შვიდწლიანი მომხმარებელი ხართ, დარწმუნებული ვარ forum.ge -ს წევრი იქნებით და ეს პოსტიც მოგეწონებათ. ნახავთ, რომ თბილისის ფორუმი, რომლის წევრთა რაოდენობა ამჟამად 67 ათასს აღემატება, სხვისთვისაც ისეთივე „მშობლიური“ ადგილია, როგორც თქვენთვის. „იმ დროს, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ შენხელა ან ბევრად უფროს (40 და ზევით ასაკის) ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეგეძლოს თანასწორ პირობებში ეკამათო შენზე უფროს ადამიანებს. ბევრჯერ მითქვამს ნაცნობებისთვის, რომ თავის დროზე, ფორუმმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩამოვყალიბდი ისეთად, როგორიც ვარ დღეს.  საკმაოდ ბევრი მეგობარიც ვიპოვე იქ. ჩემი ორივე სერიოზული ურთიერთობაც. … აქ “ვირტუალურად დაწერილი” რეალურად გწყინს, გახარებს, გაბრაზებს.  ადრე ჩემს ნაცნობ ფსიქოლოგთან მქონდა ამაზე ლაპარაკი და ალბათ ის კარგად ახსნიდა, რატომ, მე ახლა არ მინდა. ეს უბრალოდ ასეა. ფორუმი მოქმედებს ემოციებზე. ეს აქსიომაა.“  

ჩეშირის კატა ბლოგს ხშირად არ ანახლებს, მაგრამ მის ბლოგზე საუკეთესო პოსტების წაკითხვა შეიძლება. იციან კარგმა ბლოგერებმა, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. 

როგორც ყველა ბლოგების მკითხველს, მეც მაქვს „ამოჩემებული“  ბლოგები. ეს არის ბლოგი, სადაც თითქმის ყოველ დღე შედიხარ, ტოვებ კომენტარებს,  ათვალიერებ არქივებს. საინტერესო პროცესია, ერთ-ორ საათში შეგიძლია ნახო, როგორ იცვლებოდა ადამიანი რაღაც დროის მანძილზე. თუ ეს ცვლილებები მოგწონს, ამ ბლოგზე დიდხანს რჩები, კითხულობ ყოველ ახალ პოსტს და გარკვეული მოლოდინიც გაქვს, რაზე და როგორ დაწერს ბლოგერი. ჩემს ახალ „ამოჩემებას“ Je m’appelle Eka  ჰქვია. სანამ მისი ბლოგის ხშირი მკითხველი გავხდებოდი, ჯერ ქართული ბლოგების აგრეტატორზე მისი კრიტიკის კითხვა მომიხდა; წერისას ბევრ შეცდომებს უშვებო, მწერდა.  ვერაფერს იტყვი, მართალი იყო, დარწმუნებული ვარ ამ ტექსტშიც იპოვის რამეს, მანამდე კი მისი პოსტის, „სამი ამბავი სიკვდილზე, ფოტოგრაფებზე და მსოფლიო წარმატებაზე“ წაკითხვას გირჩევთ, სადაც გაიგებთ აფრიკელი ბავშვისა და მისი სიკვდილის მომლოდინე სვავის ფოტოისტორიას, რომელიც პირველად New Yourk Times-ში გამოქვეყნდა და ალბათ თქვენც გაგიჩნდებათ კითხვა: „ვინ არიან ისინი, გულქვა პროფესიონალები, რომელთაც მომაკვდავის დახმარების ნაცვლად, შეუძლიათ ფოტოკამერა აჩხაკუნონ და შემდეგ ამისთვის მსოფლიო აღიარებაც შეიფერონ, თუ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ნერვების, ემოციების, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც უხდებათ მთელს მსოფლიოს გააგებინონ, რა ხდება იქ, სადღაც, ჩვენი სახლის ზღურბლს მიღმა?  გაფრთხილებთ, პოსტში გამოყენებული ფოტო და ვიდეო კადრები საკმაოდ მძიმეა.

მათ კი, ვისაც საინტერესო სარეკლამო რგოლების ყურება მოსწონს, Faukclub -ზე  უნდა შეიარონ, სადაც რამდენიმე ცნობილი რეკლამის ნახვა შეიძლება.

 

გასულ კვირას დაგპირდით, რომ ჰომოსექსუალი  თინეიჯერის ბლოგს გაგაცნობდით. „ცისფერი დღიურები“ ქართულ ბლოგოსფეროში ორი თვეა, რაც გამოჩნდა. ბლოგერი ერთ-ერთ პირველ პოსტში წერს: „არ  მახსოვს, პირველად როდის მივხვდი, რომ გეი ვიყავი… 11-12 წლის ვიქნებოდი, როცა რომელიღაც ჟურნალში ერთი ბიჭის ”გულახდილი საუბარი წავიკითხე. სადაც თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე საუბრობდა, პირველად ეს ტერმინი მაშინ გავიგე. მივხვდი, რომ ჩემი შემთხვევაც ანალოგიური იყო. სამწუხაროდ,  კომპიუტერი და ინტერნეტი  არ მქონდა და თუ კი რომელიმე  ჟურნალში გეებზე სტატიას ვნახავდი, დიდი ინტერესით ვკითხულობდი და ნელ–ნელა ვხვდებოდი, რომ მეც გეი ვარ. იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს რაღაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო და რომ ბევრი პრობლემა მექნებოდა. რაც  უფრო ვიზრდებოდი, მეგობრების რიცხვი ნელ–ნელა კლებულობდა, არა, არ მივიჩნევ, რომ მანერული ვარ.. უბრალოდ ჩემი მსოფლმხედველობა მათთვის უცხო და მიუღებელი იყო. “ ანრი ბეილი  (ასე უწოდებს ბლოგერი საკუთარ თავს)  წერს თავის სექსუალურ ორინტაციაზე, გეი პაემნებსა და ლგბტ სიახლეებზე, ზედმეტად გულახდილი პოსტის გამოქვეყნებისას, არ ავიწყდება მითითება ასაკობრივი ცენზის შესახებ. ერთი სიტყვით, ეს არ არის ბლოგი, რომელიც მხოლოდ სექსუალური უმცირესობებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რაც ბლოგზე დატოვებული კომენტარებითაც ჩანს.

„ცისფერი დღიურები“ ერთადერთი ქართული ბლოგი არ არის, რომლის ავტორიც ჰომოსექსუალია. გარდა ამისა, ქართულ ბლოგებზე პერიოდულად ჩნდება პოსტები არატრადიციული სიყვარულის შესახებ. ამ ბოლო დროს სკანდალური პოსტი წავიკითხე ჩორვენის ბლოგზე . „მაშინ, როდესაც მიყვარდა ქალი“  იმდენად ინტიმური პოსტია, ციტირებას სჯობს თავად წაიკითხოთ.

მომავალ კვირამდე!

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი