ახალი ამბები

არ ასახავს რეალობას, მიზანი რა იყო ვერ გავიგე – ალასანია სააკაშვილის ფოტოების გავრცელებაზე

10 დეკემბერი, 2022 • 1853
არ ასახავს რეალობას, მიზანი რა იყო ვერ გავიგე – ალასანია სააკაშვილის ფოტოების გავრცელებაზე

გიული ალასანია ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელებას ეხმიანება, რომელიც „ფორმულას“ ცნობით, 29 აგვისტოსაა გადაღებული.

გიული ალასანიას თქმით, აღნიშნული ფოტოები მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას არ ასახავს და ამიტომ მისთვის რამდენიმე თვის წინ გადაღებული ფოტოების გავრცელების მიზანი გაუგებარია.

მისი  თქმით, სააკაშვილის ფოტოები „მტრული განზრახვითაა“ გავრცელებული, რათა ეჩვენებინა, რომ „ვითომ ასეა და არაფერი არ უჭირს“.

“ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა[ამ ფოტოს გამოქვეყნების შესახებ], მე არაფერი ვიცოდი, არავინ არაფერი იცოდა და მე არ ვიცი, საიდან მოხდა ეს, რა ფაქტია საერთოდ, რა მიზანს ემსახურება ვერ გავიგე.

იმიტომ, რომ ფოტო რომელიც მე ვნახე, ის არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის დღეს იმის ლანდი[…] მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარ ჰგავს და აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან“, – განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.


9 დეკემბერს ტელეკომპანია ფორმულამ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა კლინიკა ვივამედიდან, რომელიც მათი თქმით, “შაბათის ფორმულამ” მოიპოვა.

ტელეკომპანია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ფოტოები 1 თვის წინ იყო გადაღებილი, თუმცა კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, “ფორმულამ” ინფორმაცია ჩაასწორა და განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებული ფოტოების გადაღების ზუსტი თარიღი 29 აგვისტოა.

აღნიშნული ფოტოების გავრცელება გააკრიტიკეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც, მათ შორის ეკა ხერხეულიძემ, რომელიც იმ ადამიანებს შორისაა, ვისაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა აქვს. ხერხეულიძე აცხადებს, რომ ფოტოებზე ასახული არაა ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და ის გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია.


ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება.9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.  სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი