ახალი ამბები

საკონსტიტუციომ პარლამენტს არ დაუკმაყოფილა პოსტის „დაგულვისთვის“ მოსამართლის აცილების მოთხოვნა

10 დეკემბერი, 2022 • 1548
საკონსტიტუციომ პარლამენტს არ დაუკმაყოფილა პოსტის „დაგულვისთვის“ მოსამართლის აცილების მოთხოვნა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარლამენტის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვდა სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის გამო.

საუბარია 5 მოსამართლის კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებულ ცვლილებებს ასაჩივრებდნენ. კერძოდ, ცვლილებებით შემცირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები. გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე, მივლინება ერთის ნაცვლად ორ წლამდე ვადით არის შესაძლებელი.

აღნიშნული ცვლილებებიდან 5-მა მოსამართლემ — ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია — კანონის 9 ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამასთან, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა 2021 წლის 28 დეკემბერს სოციალურ ქსელში გააზიარა 14 მოსამართლის განცხადება, რომელიც პარლამენტს მოუწოდებდა, არ მიეღო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებები. აღნიშნულ პოსტზე აქვს რეაქცია გამოხატული გიორგი კვერენჩილაძეს მაშინ, როდესაც კანონი მიღებული არ იყო, ხოლო ინიცირებული ვარიანტი განსხვავდებოდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტისგან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებდა, რომ როდესაც პარლამენტმა დაიწყო ამ ნორმების განხილვა, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ეს ცვლილებები ემსახურებოდა მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და ა.შ. და მის ამ პოზიციას სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა და „პრაქტიკულად გაიზიარა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ, რომელიც დღეს ამ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა. სწორედ ამიტომ პარლამენტი მის აცილებას ითხოვდა.

თავად გიორგი კვერენჩხილაძე ამბობდა, რომ განუხილველ საქმეზე, რომლებზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ვერანაირ კომენტარს ვერ და არ გააკეთებდა, თუნდაც იმიტომ, რომ მოსამართლე საზოგადოებას არ უნდა ელაპარაკებოდეს არანაირი სხვა საშუალებით, გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებებისა.

„შესაბამისად, აცილების შესახებ შუამდგომლობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ის მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას და იქ იქნება დაფიქსირებული ჩემი პოზიცია პარლამენტის შუამდგომლობის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია ამ გადაწყვეტილებასთან ერთად იქნება დაფიქსირებული“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კვერენჩხილაძემ.

პარლამენტის შუამდგომლობაზე საკონოსტიტუციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ კრიტიკულ პოსტზე მოსამართლის მიერ გამოხატული რეაქცია (გულის სახით) არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რომელიც a priori მიანიშნებს პოსტში გაკრიტიკებული საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციურობის შესახებ მოსამართლის მოსაზრებაზე.

„მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, მისი პოზიტიური გზავნილი ასახავდა დადებით დამოკიდებულებას იმ ფაქტისადმი, რომ მოსამართლეები გამოხატავდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ხელშეუხებლობის იდეისადმი აქტიურ მხარდაჭერას და მათ შემართებას, დაეცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის პრობლემატურ საკითხებზე ღია დისკუსიის მეშვეობით. მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტისადმი მისი ემოციური დამოკიდებულების გამომხატველ გზავნილს არაფერი აქვს საერთო უშუალოდ კანონპროექტის (მთლიანობაში თუ მისი ცალკეული დებულებების) ავკარგიანობის წინმსწრებ შეფასებასთან, მით უფრო, კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში.

შესაბამისად, ერთი მხრივ, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეს არ დაუფიქსირებია მოსაზრება №1693 და №1700 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიერ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტზე რეაქციის გამოხატვა მოხდა არა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, არამედ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ იყო მიღებული, მხოლოდ კანონპროექტის სახით არსებობდა და, მაშასადამე, უცნობი იყო, იქნებოდა თუ არა ისინი მიღებული სწორედ იმ ფორმითა და შინაარსით, როგორითაც პროექტის სახით არსებობდა ან იქნებოდა თუ არა საერთოდ მიღებული და გახდებოდა თუ არა კონკრეტული დავის საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნები მოსამართლეს მოცემულ საქმეში არ დაურღვევია“, – ვკითხულობთ საკონსტიტუციოს განჩინებაში.

ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

პარლამენტი პოსტის „დაგულვისთვის“ მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი