ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების ანთების პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ

9 დეკემბერი, 2022 •
საახალწლო ილუმინაციების ანთების პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ

თბილისში, საახალწლო ილუმინაციების ანთების ღონისძიების პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებული და დედაქალაქის მერიის მიერ მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციის შეცვლას ითხოვენ.

საუბარია წარწერაზე „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“, რომელიც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემოა განთავსებული. სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სლოგანი უადგილოა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების იმ ფონზე და მით უფრო მაშინ, როცა თბილისში ყოველ კვირა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ასვენებენ.

ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ჩიჩუა

ასე არ ფიქრობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ფონზე „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტიკური ან/და ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადება არ არის. ასევე, კრიტიკოსებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტები სპეკულაციებსა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.

აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მონუმენტის გარშემო ბანერებიც გაშალეს წარწერით – „სოლიდარობის ქალაქი“ და „გმირების ქვეყანა“.

ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ჩიჩუა

ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ფოტო: მიხეილ გვაძაბია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი