ახალი ამბები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

9 დეკემბერი, 2022 • 512
სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმე ის არის, რომ დღეს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი მოთხოვნის მიუხედავად არ მიიყვანეს. დროულად ვერ გადაწყდა ვერც ის – შეუძლია თუ არა სასამართლოს ონლაინ, „ვივამედიდან“ ჩართოს სააკაშვილი.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სწორედ ამ და საქმის მასალის გაცნობის არგუმენტით გადადო სხდომა. მისი თქმით, 14 დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იქნება, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სხდომაზე დასწრებას ან იქნება თუ არა შესაძლებელი მისი დისტანციური ჩართვა.


დღევანდელი სხდომა პირველი უნდა ყოფილიყო, რომელზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხს განიხილავდნენ. თუმცა, მასზე თავად სააკაშვილი არ მიიყვანეს.

ექსპრეზიდენტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, ასევე მისი ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის. წერილს მისი თქმით, ხელს აწერენ „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და ექიმი თამარ დავარაშვილი.

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის ონლაინ ჩართვის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დღესაც არ მიიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი