ახალი ამბებისამართალი

სააპელაციომ ჰუჯაბის ეპარქიის დისკრიმინაციულ დაფინანსებაზე გადაწყვეტილება გააუქმა – მოსარჩელე

9 დეკემბერი, 2022 •
სააპელაციომ ჰუჯაბის ეპარქიის დისკრიმინაციულ დაფინანსებაზე გადაწყვეტილება გააუქმა – მოსარჩელე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მარნეულის მუნიციპალური ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირით ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა მარნეულის საკრებულოს მიერ მხოლოდ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეპარქიის დაფინანსების პრაქტიკაში.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება

2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სარჩელი, რომელშიც ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს ასაჩივრებდა.

საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის, სამირა ბაირამოვასა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით აწარმოებდა.

ორგანიზაციის ცნობით, „ფინანსური მხარდაჭერის ამ უთანასწორო პრაქტიკით“, მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ჯამში 1 550 000 ლარი გადაეცა.

„რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლების სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა. დაფინანსების ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებითაც და მიუთითა, რომ „სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს „რელიგიასთან გადაჭარბებულ აფილაციის შთაბეჭდილებას“.

საკრებულომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამასთან, მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში შევიდა ჩანაწერი, რომლითაც რელიგიური საქმიანობის ფარგლებში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 ლარის გადაცემაა გათვალისწინებული.

„მუნიციპალიტეტმა დააკორექტირა მხოლოდ თანხის გაცემის მიზნები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა. ამასთან მცირე რესურსები გათვალისწინებულია მეჩეთების კომუნალური გადასახადებისთვის (20 000 ლარი)“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სააპელაციოს გადაწყვეტილება

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტიელბა გააუქმა. გადაწყვეტილება, მოსარჩელის ცნობით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა გამოიტანა.

სამირა ბაირამოვას ცნობით, მოსამართლე მამულაშვილმა, საქმის განხილვისას, იკითხა: „აზერბაიჯანში ქრისტიანებს აძლევენ ფულს ბიუჯეტიდან“?

მასალების გადაბეჭდვის წესი