საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.
გამოკვლევის თანახმად, საშუალოდ საქართველოს მოქალაქე დღე-ღამეში დროს შემდეგი აქტივობებისთვის ხარჯავს:
- საკუთარ თავზე ზრუნვა და მოვლა – 11,7 საათი (აქედან დაახლოებით, 9 საათი იხარჯება ძილში);
- კულტურული, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობები – 4,2 საათი
- შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეული აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურება – 2.1 საათი
- სოციალიზაცია, კომუნიკაცია, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობა – 1,4 საათი
- საკუთარი საბოლოო მოხმარების პროდუქციის წარმოება – 0,9 საათი
- შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის მომსახურება – 0,3 საათი
- სწავლა – 0,1 საათი.
როგორც საქსტატი ამბობს, აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს
შორის შეინიშნება აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა – კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.
„ქალების მიერ აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე დახარჯული დროის წილი 17.8 პროცენტს შეადგენს, რაც 4.8-ჯერ აღემატება კაცების ამავე მაჩვენებელს (3.7 პროცენტი). თბილისში გენდერული თანაფარდობა 4.6-ს შეადგენს, სხვა ქალაქებში – 5.1-ს, ხოლო სოფლებში – 4.5-ს. ყველა ტიპის დასახლებაში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დრო მკვეთრად აღემატება კაცების ამავე მაჩვენებელს.აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-44 წლის ქალებში და 23.0 პროცენტს შეადგენს,“
რაც შეეხება ბავშვს – გამოკვლევის თანახმად, ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია საქართველოში მცხოვრები დედების 80,2%, რაც 2,1-ჯერ აღემატება მამების ანალოგიური მაჩვენებელს (37,6%-ს).
სრულად ეს დოკუმენტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.