ახალი ამბები

„კულუარული გარიგების დიდოსტატები ახლა ჩვენ გვერჩიან“ – უსუფაშვილი ოპოზიციის ნაწილს პასუხობს

8 დეკემბერი, 2022 •
„კულუარული  გარიგების დიდოსტატები ახლა ჩვენ გვერჩიან“ – უსუფაშვილი ოპოზიციის ნაწილს პასუხობს

პარტია „საქართველოსთვის“ და პარტია „მოქალაქეების“ წევრები ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პარლამენტში “ქართულ ოცნებას” კულუარულად შეხვდნენ და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

თავდაპირველად ამის შესახებ განცხადება „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა გაავრცელა. მისი თქმით, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ ორი შეხვედრა გამართა.

„ახლა ვზივარ საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც შევიტყვე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ 2 შეხვედრა გამართა ნაციონალურ მოძრაობასთან, ლელოსთან და სტრატეგია აღმაშენებელთან. ასევე, გვამცნეს რომ ამ შეხვედრებმა ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა და ზემოთ დასახლებული პარტიების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ კიდეც, რასაც მივესალმები, მაგრამ, აქვე კითხვა მიჩნდება მათთან, კოლეგებო ბოიკოტს ვის უცხადებთ? ჩვენ, გირჩს და პარტია საქართველოსთვის? თუ ტექნიკურ აპარატს? სამუშაო ჯგუფების დემონიზირების ისტორიას ასეთი “ჰეფი ენდი” თუ ექნებოდა რას ვიფიქრებდი“, – დაწერა 7 დეკემბერს სოციალურ ქსელში ლევან იოსელიანმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მათ ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით „ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის აკრიტიკებდნენ, თვითონ „ოცნებასთან“ საპარლამენტო ფორმატებს მიღმა საუბრობენ და თანამშრომლობდნენ.

„გუშინ აღმოჩნდა, რომ თურმე ნაც. მოძრაობის თხოვნით, მათ შორის ლელოს და ვაშაძის მონაწილეობით არაერთი შეხვედრა განხორციელდა კულუარულად საარჩევნო სისტემის რეფორმის (12 დან ერთ-ერთი რეკომენდაციის) ფარგლებში. როგორც ჩანს, რაც თვითონ, პარტიული მიზნებიდან გამომდინარე აწყობთ, შეუძლიათ დასხდენენ და დალაგდნენ ოცნება და ნაცები კულუარეულად, ისე რომ თავიანთ ამომრჩევლებს დაუმალონ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკობენ, თათბირობენ, და თანხმდებიან ისეთ საკითხებზეც კი, რაც მომდევნო არჩევნებზე მათ კონკრეტულ საარჩევნო შედეგებს მოუტანს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხეს „ლელოს“, ენმ-ის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა. ისინი „ოცნებასთან“ კულუარულ შეხვედრებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მმართველ პარტიასთან კომუნიკაცია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებულ ალტერნატიული კანონპროექტის განხილვის ვადებზე ჰქონდათ.

„არ მინდა ისე ვუპასუხო ოპოზიციის იმ ნაწილს როგორც იმსახურებენ, მაგრამ მაინც ვუპასუხებ ისე როგორც იმსახურებენ. პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკვრიათ შუბლზე და კულვარული გარიგებების დიდოსტატები არიან ახლა ცდილობენ სხვას მიაწებონ ეს იარლიყი უსაფუძვლოდ.

ჩვენ, ლელომ და ოპოზიციის ნაწილმა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ. მისი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნა, ამ მოსმენაზე პირადად მე მივმართე უმრავლესობას რომ შეგვეჩერებინა პროექტის განხილვა მეტი კონსულტაციებისთვის, იმიტომ, რომ პარლამენტში ამ დროს მოძრაობდა “ქართული ოცნების” პროექტიც და გვქონდა განცდა რომ ეს პროექტები ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება.

მე პირადად არაერთხელ განვაცხადე, რომ სანამ ხელისუფლების კანონპროექტი გადის ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რა საკითხი იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონპროექტიდან.

მივმართავ ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილს, ვისაც ისე აწუხებთ კულუარული გარიგების დიდოსტატების იარლიყი რომ ახლა უნდათ ეს სახელი ჩამოიცილონ. და მეორე: ისე აწუხებთ იმ უაზრო სამუშაო ჯგუფებში შესვლა და უშედეგოდ გამოსვლა, რომ ახლა ჩვენ გვერჩიან,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ არ იცის რა შეხვედრაზე საუბრობენ „მოქალაქეების“ და „საქართველოსთვის“ წევრები. მისი თქმით, თავად მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტზე.

„მე არ ვიცი რა შეხვედრაზე არის საუბარი, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ შეხვედრა გვქონოდა მაგალითად, საარჩევნო ცვლილებებზე ჩვენ მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტთან დაკავშირებით. საკომიტეტო ფარგლებში ბევრჯერ გვქონია კომუნიკაცია მაგალითად ანრი ოხანაშვილთან. მე ვერ ვხედავ კომუნიკაციის პრობლემას, საკომიტეტო განხილვებში ჩართული ვარ და საკომიტეტო განხილვების გარეთ პლენარულ სხდომაზე გადავყრილვართ და გვილაპარაკია. საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტის განხილვა ძალიან დაგვიანდა და ვვარაუდობ, რომ შეიძლება ამის გამო შეხვედრა იყო კიდეც“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მსგავსი შეხვედრების არსებობას არ ადასტურებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

„მხოლოდ საპროცედურო კომიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც სააარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი გაიტანეს, შედგა 15-წუთიანი ტექნიკური კომუნიკაცია, რომ გადაედოთ განხილვა და არ ჩაეგდოთ პირველი მოსმენისთანავე. ეს კონკრეტული მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ იყო. მე სხვა შეხვედრა არ ვიცი. ჩემი ინტერესი იყო, რომ არ ჩაეგდოთ ჩვენი კანონპროექტი და ამაზე გვქონდა კომუნიკაცია და ამას ვესწრებოდი. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სხვა განხილვებზე მე არ ვყოფილვარ“, – განუცხადა ნეტგაზეთს პაატა მანჯგალაძემ.


ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფები შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი  საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსაც შეეხებოდა. საარჩევნო ჯგუფებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო ოპოზიციიდან: „მოქალაქეების“, „გირჩის“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები მონაწილეობდნენ.

ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ალტერნატიული გეგმა წარადგინა, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებასაც შეეხებოდა.

კერძოდ, ოპოზიციის გეგმა ითვალისწინებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. პირველი ორი მცდელობა საჭიროებს ორი მესამედის უმრავლესობას. მესამე მცდელობა – სამი მეხუთედის უმრავლესობას. შემდგომი მცდელობა – უბრალო უმრავლესობას. კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, თუ წინა კენჭისყრიდან სულ მცირე 4 კვირა არ არის გასული; გაუქმდეს ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარის ვადის გასვლის შემდეგ, ახლის არჩევამდე „ვადაგასული“ პირი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას; ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კონკრეტული პირის 6 თვით დანიშვნა შეიზღუდოს მხოლოდ ერთი ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი