ახალი ამბები

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს — იონათამიშვილი

8 დეკემბერი, 2022 • 803
სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს — იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.

დეპუტატი მიანიშნებს საქართველოს კანონმდებლობაზე. მოქალაქეობის შესახებ კანონით, „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ „საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში“.

რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის და მამუკა მდინარაძის განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ომის პარტიას“ მიჰყავს ხალხი უკრაინაში საომრად, ბინძური სპეკულაციები და აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს განცხადებები სიმართლე იყო.

„აქ ყველაზე მძიმე და მიუღებელი არის ის, რომ: ერთი — ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და მეორე — ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი