ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს

7 დეკემბერი, 2022 • 1108
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს

დღეს, 7 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს – თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მოუსმინეს.

როგორც თამარ ალფაიძემ მოსმენისას განაცხადა, ის არცერთი პარტიის პროტეჟე არაა. მისი თქმით, ისურვებდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ დეპუტატს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება შეეძლოს.

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ აქ მონაცემებია. მე აქ ვარ იმიტომ, რომ დემოკრატიის იდეის მწამს. მე აქ ვარ იმიტომ, რომ არჩევანის თავისუფლებას ვიცავ. მე აქ ვარ იმიტომ, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან მინიმუმ 2 შევასრულოთ, მესამეში დაგეხმარებით. მე აქ ვარ იმიტომ, რომ მედია არის ჩემი მეგობარი, მესამე სექტორიც, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მხარს არ მიჭერდა. მესამე სექტორს მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. მსურს, ვიდგე წინა ხაზზე, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, რომ დავიცვა საჯარო ინტერესები.

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს, გადაწყვეტილებები კი სულ ორი სახისაა: ან ეთიკური, ან ტექნიკური. თქვენ კითხულობთ, როგორი კადრი გვჭირდება კონკრეტულ თანამდებობაზე? მე ვკითხულობ, როგორ დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა და ნდობა არჩევნების მიმართ. ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ იკითხოს, რატომ უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა არჩევნების მიმართ, ტექნიკური თვალსაზრისით?! თითოეულმა თქვენგანმა, ცალკე აღებულმა, იცით, რომ მე თქვენი პროტეჟე არ ვარ, მაგრამ, შესაძლოა, ერთმანეთზე ეჭვობდეთ.

დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენ წინაშე ვდგავარ, ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს, გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც“, – განაცხადა თამარ ალფაიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, რევაზ ეგაძეს, მისი განცხადებით, დღევანდელი ცესკოს საქმიანობას მხარს უჭეს და თუკი აირჩევენ, იმ კურსს გააგრძელებს, რაც ცესკოს დღეს აქვს.

„მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც მე საარჩევნო სისტემებთან შეხება მქონდა, ვაღიარებ და ვიძახი ყოველთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სისტემატიურად ვითარდება. დღეს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალი უკეთესი ცვლილებების მოლოდინში თავის საქმიანობას წარმართავს. უკანსკნელი აქტივობები კარგი იყო და კარი გაიხსნა საარჩევნო პროცესებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, რათა კიდევ უფრო მოცულობითი იყო საზოგადოების ინფორმირება და დაინტერესებული მხარეებისთვის.

მხარს ვუჭერს ცესკოს საქმიანობასა და მის გაუმჯობესებას და თუ ჩემ მიმართ ნდობა იქნება გამოხატული და ცესკოს თავმჯდომარე ვიქნები, გავაგრძელებ იმ კურსსა და დადებით ტენდენციებს, რომელიც ცესკოს ამ მომენტისთვის აქვს“, – განაცხადა რევაზ ეგაძემ.

ამასთან, რევაზ ეგაძის თქმით, საარჩევნო კომისიაში მრავალწიანი გამოცდილება აქვს და თავის პრაქტიკაში საარჩევნო მანიპულაციას არასდროს შესწრებია. მისივე შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც არ ყოფილა დარღვევებით ჩატარებული.

„ამდენი პოლიტიკური ინტერესია, ამდენი საარჩევნო კომისიის წევრის ინტერესია, როგორც პროფესიული, ასევე პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანების ინტერესია, შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის წარმომაგდენლების, დამკვირვევლების, მედიასაშუალებების და უპირველეს ყოვლისას ამომრჩევლის ინტერესია. ამდენი ინტერესის თანხვედრის და დაპირისპირების ფორმატში ძალიან ძნელია, რომ არჩევნები გააყალბო. ამიტომ მე ვერასდროს ვერ ვამბობ ხოლმე, ყალბდება თუ არა არჩევნები და სად ყალბდება. ამიტომ ჩემთვის ეს კითხვა ცოტა რთულად პასუხგასაცემია. ალბათ, ეს შეიძლება ვინმემ პოლიტიკური ხედვით გააანალიზოს, მაგრამ ჩემთვის, როგორც საარჩევნო დარგის სპეციალისტისთვის, ამ კუთხით გაყალბება ცოტა ნაკლებად წარმოსადგენია“, – განაცხადა რევაზ ეგაძემ.

დღესვე კომიტეტი მოუსმენს ცესკოს ორი წევრის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი ლევან ისაკაძის, გიორგი მარსაგიშვილის, ქრისტინე ქაჯაიას და ნათია წიპტაურის კანდიდატურებს.


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ამოიწურა. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა 13 ივლისს გამოაცხადა კონკურსი პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მიზნით.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრების თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის, მოგვეიანებით კი, ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები.

საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისათვის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილი იყო მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილიც, რომელიც კონკურსში მესამედ მონაწილეობდა. თუმცა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა, რაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, განპირობებული იყო იმით, რომ ცესკოს მოქმედმა წევრებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად და მუდმივად ერთი და იმავე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს გაძლიერებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი