ახალი ამბები

უნგრეთის ვეტოს შემდეგ EU-ში უკრაინის დახმარების ალტერნატივებს განიხილავენ

7 დეკემბერი, 2022 •
უნგრეთის ვეტოს შემდეგ EU-ში უკრაინის დახმარების ალტერნატივებს განიხილავენ

უნგრეთმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების სესხის გამოყოფას, საპასუხოდ კი ევროკავშირის დანარჩენმა წევრებმა უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება გადადეს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის, ზბინეკ სტანიურას განცხადებით, უნგრეთის მიერ ვეტოს გამოყენება ხელს ვერ შეუშლის ევროკავშირის დარჩენილ 26 სახელმწიფოს, უკრაინას დაეხმაროს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვძებნით 26 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ახალ გზას, უნგრეთის გარეშე“, – განაცხადა ჩეხმა მინისტრმა.

უნგრეთის გარეშე ამგვარი შეთანხმების მიღწევა უფრო რთული და შესაძლოა, უფრო გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდეს.

ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, უნგრელმა მინისტრმა, მიხაი ვარგამ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ვეტოს უფლებას იყენებდა უკრაინისთვის გადასაცემი სესხის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი კიევს ინდივიდუალურად დაეხმარებოდა.

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრის თანახმად, უნგრეთის პოზიცია „ამორალური“ იყო, რადგან ბუდაპეშტში შანტაჟის გზით ცდილობდნენ ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხის მიღებას.

ბუდაპეშტის მოქმედებებზე საპასუხოდ მინისტერიალზე დღის წესრიგიდან ამოიღეს უნგრეთისთვის გადასაცემი 7.5 მილიარდი ევროს დახმარების საკითხი.

ასევე გადადეს კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი გამოწვევებისთვის მიმართული 5.8 მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცებაც.

საერთო ჯამში, უნგრეთისთვის გადასაცემი, თუმცა ჯერჯერობით „გაყინული“ თანხები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს შეადგენს.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დახმარებების გაცემის შეფერხება არის „საშიში პრეცენდენტი“, რადგან ის უკავშირდება სრულიად სხვა, დამოუკიდებელ საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი