ახალი ამბები

სასამართლომ ტრამპის ორგანიზაციები გადასახადის დამალვის საქმეში გაამტყუნა

7 დეკემბერი, 2022 • 469
სასამართლომ ტრამპის ორგანიზაციები გადასახადის დამალვის საქმეში გაამტყუნა

მანჰეტენის სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ გადასახადების დამალვის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ორივე ორგანიზაცია, „Trump Corp“ და „Trump Payroll Corp“ გამტყუნდა მათდამი წარდგენილ 17-ვე ბრალში, მათ შორის დოკუმენტაციის გაყალბებისა და გადასახადების დამალვის ნაწილებში.

გამოძიების თანახმად, ორგანიზაციები 13 წლის განმავლობაში ორგანიზებული სქემით თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას.

უშუალოდ ტრამპების ოჯახისთვის ამ საქმეში ბრალი არ წაუყენებიათ.

ორგანიზაციებს შეიძლება დაეკისროთ მაქსიმუმ 1.61 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა.

ასევე საპატიმრო სასჯელი ემუქრება ტრამპების ყოფილ ფინანსურ აღმასრულებელ დირექტორს, ალენ ვაისელბერგს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და ციხეში მხოლოდ 5 თვეს გაატარებს.

ტრამპის კომპანიებს არ ემუქრება აკრძალვა ან რაიმე სხვა ტიპის სანქცია, რომელიც კომპანიების გაქრობას გულისხმობს, რადგან ნიუ-იორკის კანონმდებლობა ამგვარ ნორმას არ იცნობს, თუმცა წაგებული სასამართლო შესაძლოა ცუდად აისახოს ამ კომპანიების მიერ დადებულ კონტრაქტებზე და ახალი სესხების აღებაზე.

ტრამპის ადვოკატები ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავენ.

დონალდ ტრამპის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „იმედგამაცრუებელია“ და „ალქაჯებზე ნადირობას“ ჰგავს.

მისივე განცხადებით, სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო და კომპანიების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ამიტომ დადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი