ახალი ამბები

უკრაინული მხარე შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო – კასიანოვი

6 დეკემბერი, 2022 • 1085
უკრაინული მხარე შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო – კასიანოვი

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებულია და გააგრძელებს ყველა სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის სააკაშვილის უფლებების და ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ მან დღეს, 6 დეკემბერს ისაუბრა:

“უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრის “ემპათიის” ხელმძღვანელობასთან, მ. სააკაშვილის ადვოკატთან. 2022 წლის 2 დეკემბერს სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულოს თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიუალდ ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს პირადად მე დავაყენებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მ. სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა მან.


ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 1 დეკემბერს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

„ემპათიის“ დასკვნით, სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg).

„ემპათიის“ ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შედგება 194 გვერდისა და 22 დანართისგან. დოკუმენტი მოამზადა ცენტრის სასამართლო საექსპერტო კომისიამ, რომელშიც „ემპათიის“ თქმით, შედიოდნენ ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ორგანიზაცია ამ ეტაპზე ძირითად დიაგნოზებს არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი