ახალი ამბები

სააკაშვილი: დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას…

26 მაისი, 2010 • 1336
სააკაშვილი: დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას…

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  სამხედრო აღლუმზე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა  ერისათვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო უამრავ განსაცდელს, გაუძლო თითქმის ყველა მსოფლიო იმპერიის შემოტევას, ძალიან ძვირფასი და სათუთია. 

 ,,მსოფლიოს უძველეს იმპერიების მიერ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდებოდა ათეულობით და ასეულობით წლის განმავლობაში. იყო შემოტევები, რომლებიც ანადგურებდნენ ყველაფერს, რაზეც ქართველი კაცი შეძლებდა საქართველოში ფეხის მოკიდებას. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ერმა არ დაყარა ფარ-ხმალი, არ შეეგუა პატივისა და ღირსების აყრას,  არ დათმო ოცნება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ და ყველა ჯერზე მტერი  დაამარცხა”_განაცხადა პრეზიდენტმა.

 მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალზედ ცოტაა მსოფლიოში ერი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, როგორც ქართველ ერს. 

 ,,დღეს ჩვენს თაობას პრივილეგია გვერგო წილად, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენ დღეს ზეიმით აღვნიშვავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ არ გვეშინია დამპყრობლის აგრესიის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები ამას ვერ ახერხებდნენ, მათთვის სიტყვა დამოუკიდებლობაზე ოცნებაც კი სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა”.

 პრეზიდენტმა წარსული დრო გაიხსენა და თქვა, რომ ქართული ენა და დამწრლობა ხშირად მალვით იყო შესანახი, რათა ესეც არ წაერთმიათ. მისი თქმით, ენით აღუწერელი თავგანწირვის მიუხედავად, აქამდე ვერც ერთმა თაობამ ვერ შეძლო, საბოლოო და შეუქცევადი გამხდარიყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

 ,,ჩვენს დროში მცხოვრებ თაობებს გვაქვს პატივი, ვიყოთ ამ განსაკუთრებულ დროში იმ ხალხს შორის, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობის დასაცავად და გვაქვს შანსი, გავხდეთ პირველნი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინც შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისათვის.  ეს ერთი მხრივ, დიდი პატივია, ხოლო მეორეს მხრივ– უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულისა და მომავალის წინაშე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობას იმპერია უპირისპირდება, რომელიც ცდილობს ქართველი ერი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაამარცხოს. მისივე თქმით, იმპერიის მოციქულები ქართველი ერის რიგებშიც გამოჩდნენ.

 ,,ისინი გვიკიჟინებენ, რომ ხელი ავიღოთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე, გვეუბნებიან, რომ მორჩილება ჩვენი გადარჩენისა და არსებობის ერთადერთი ფორმაა…  მაგრამ სულ სხვა ფილოსოფია აქვს ქართულ მრავალსაუკუნოვან ერს, ერს, რომელმაც გამოგვატარა ბასიანი, შამქორი და დიდიგორი, ჩვენ მაშინდელ ლიდერებს და პატრიოტებს, რომ ერთი წამითაც დაეშვათ ფიქრი დანებებასა და ხელების ჩამოშვებაზე, დღეს არათუ სახელმწიფოებრივობა, არამედ ეროვნულობაც აღარ შგვრჩებოდა. ჩვნს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში თითოეულმა ქართველმა მამულიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ ვერაფერი მოადუნებს ჩვენს პასუხილმგებლობას”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტმა დამოუკიდებლობაც განსაზღვრა და თქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ეფუძნება არა რომელიმე პოლიტიკოსის,  პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ჯგუფის და ძალის ახირებას, არამედ ”ჩვენი ხალხის თავისუფალ სულს და გაუტეხელ ეროვნულ სიამაყეს”.

 ,,დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას, თავად ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, თავად დავგეგმოთ საგარეო პოლიტიკა,  შევარჩიოთ მეგობრები და ალიანსები, რომელთა წევრობა იქნება საუკეთესო ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად, დამოუკიდებლობა ნიშნავს საშუალებას, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვმოქმედებდეთ ჩვენი და არა სხვისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, _ განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

 პრეზიდენტის თქმით, ბრძოლა  დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დამოკიდებულია იმაზე, თუ ”რამდენად წარმატებულები ვიქნებით ქართული სახელმწიფოებრიობის შენებაში, რამდენად შევძლებთ რეფორმების გატარებას, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას, რამდენად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რამდენად სწრაფად ჩამოვყალიბდებით, როგორც მოდერნიზებული თანამედროვე ევროპული ერი”.

 მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ კრიტიკოსებმა, რომლებმაც ხელი შუშალეს შარშან აღლუმის გამართვას , დღეს აღიზიანებთ, ”ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და აცხადებენ, რომ, რაც დღეს ამ გამზირზე ხდება, არის უბრალო ახირება და იარაღის  ჟღარუნი.

 ”ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და ტექნიკის ხმას, ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არაა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივობის გულის ფეთქვის ხმა, რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულის ფეთქვის ხმა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს”,- განაცხადა 26 მაისს პრეზიდენტმა.

 საქართველოს პრეზიდენტის აზრით , ”ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს და ახერხებს ეროვნული ინტერესების დაცვას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი