ახალი ამბები

„დოჟდი რუსეთში უნდა დაბრუნდეს… მოთმინების ფიალა აივსო“ — ლატვიის ვიცე-პრემიერი

2 დეკემბერი, 2022 • 2212
„დოჟდი რუსეთში უნდა დაბრუნდეს… მოთმინების ფიალა აივსო“ — ლატვიის ვიცე-პრემიერი

ლატვიის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი არტის ფაბრიკსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა რუსულმა ტელეარხმა „დოჟდმა“ ლატვია უნდა დატოვოს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ხელისუფლებამ ცენზურა გაამკაცრა, ტელეარხმა რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა, რადგან მისი სარედაქციო პოლიტიკა არ ემთხვეოდა კრემლის პროპაგანდას. „დოჟდმა“ მაუწყებლობის განახლება 2022 წლის ივნისში ლატვიიდან შეძლო. თუმცა პრობლემები შეექმნა ძირითადად რუსეთის არმიაზე გაკეთებული განხადების გამო.

„მჯერა, რომ „დოჟდმა“ მუშაობა რუსეთში უნდა გააგრძელოს და მისი თანამშრომლების ბინადრობის ნებართვები უნდა გაუქმდეს. მოთმინების ფიალა აივსო“, — 2 დეკემბერს ტვიტერზე დაწერა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა. მოგვიანებით კომენტარების სექციაში დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, „პროცესი დაიწყო“.


ლატვიის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ (NEPLP) ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა რუკის ჩვენებისთვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ჩანდა. ასევე, სიტყვებისთვის „ჩვენი არმია“, რომელშიც რუსეთის ჯარი მოიაზრებოდა. ეს უკვე მეორე დარღვევაა „დოჟდის“ მხრიდან. სამი ასეთი დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლოა, „დოჟდს“ ლიცენზია შეუჩერონ.

ლატვიური მედიის ცნობითვე, ლატვიის შრომის ინსპექციას უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა „დოჟდის“ ჟურნალისტების მიერ ლატვიური კანონმდებლობის დარღვევაზე. ლატვიაში მუშაობისთვის საჭიროა სამუშაო ნებართვა, რაც რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს არ აქვთ, იტყობინება ლატვიური მედიასაშუალება Delfi.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო მოკვლევა ტელეარხის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციაზე. ლატვიის სუს-ის ცნობით, ქვეყანა-აგრესორის ნებისმიერი სახის დახმარება არის დანაშაული იმის გათვალისწინებით, თუ რა დანაშაულს სჩადიან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკრაინაში.


„დოჟდის“ წამყვანმა, ალექსეი კოროსტელიოვმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს აღჭურვილობით ეხმარებიან. ეს განცხადება მალევე უარყო ტელეარხმა, ბოდიშიც მოიხდა, ჟურნალისტიკი სამსახურიდან გაათავისუფლა.

საქმე ეხება კოროსტელიოვის განცხადებას, რომელიც გადაცემაში „აქ და ახლა“ გააკეთა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის შესახებ საუბრობდა, რა დროსაც მიმართა მაყურებელს და მოუწოდა, რომ თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთში მობილიზებულ ჯარისკაცებსა და მათ მდგომარეობაზე – ეს ცნობები „დოჟდისთვის“ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეგრამ არხზე გაეგზავნათ.

შემდეგ კი თქვა:

„ჩვენ თითქმის ყველას ვუბრუნებთ პასუხს და ბევრ გამოგზავნილ ისტორიას ვაქვეყნებთ. ვიმედოვნებთ, რომ შევძელით ბევრი სამხედროს დახმარება, მაგალითად, აღჭურვილობით ან ელემენტარული კომფორტით ფრონტზე“, — თქვა ჟურნალისტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი