ახალი ამბები

ALDE-მ საქართველოს შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

3 დეკემბერი, 2022 • 893
ALDE-მ საქართველოს შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

ALDE-მ (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის) „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

ისი თქმით, რეზოლუცია საქართველოს შესახებაა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება.

ვაშაძის თქმით, რეზოლუციის მხარდამჭერები მკაცრად გმობენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც ალიანსმა დაამტკიცა აღნიშნულია, რომ ამ ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან და იმეორებს რუსულ რიტორიკას.

„პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს კრიტიკული მედია საშუალებებისა (ფორმულა, TV პირველი, მთავარი) და მათი მფლობელების წინააღმდეგ; ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რაც ასევე აღნიშნულია, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მაგალითი, 2022 წლის 8 ნოემბრის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

ვაშაძის თქმით, რეზოლუციით ALDE მოუწოდებს:

  • ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი კომისიის მიერ დადგენილი თორმეტიდან თორმეტივე პუნქტის შესრულების შემდგომ.
  • ევროკომისიამ დააჩქაროს საქართველოს შეფასების პროცესი კონკრეტული კრიტერიუმებისა და ვადების დაწესებით.
  •  მმართველმა პარტიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას დეოლიგარქიზაციისკენ და აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარლამენტზე;
  • ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ფიზიკური პირებსა და ჯგუფებს:
  • რადიკალური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ლიდერსა და დამფუძნებელს -კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც პასუხისმგებელია მედიის წარმომადგენლებისა და უმცირესობათა ჯგუფების მიმართ განხორციელებული ძალადობის ორგანიზებაზე 2021 წლის 5-6 ივლისს;
  •  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
  • საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება და შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია მთავარის მედია-მენეჯერი, ნიკა გვარამია, როგორც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
  •  მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი, სიტყვიერი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტებზე და ევროპარლამენტის წევრებზე. ასეთი თავდასხმები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ALDE აერთიანებს 70 სხვადასხვა პარტიას ევროპის რეგიონის 44 ქვეყნიდან.  ამ პოლიტიკური გაერთიანების  წარმომადგენლებს შორისაა 69 ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი