ახალი ამბები

„დოჟდის“ ჟურნალისტები რუსეთში „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანეს

29 ოქტომბერი, 2022 • 805
„დოჟდის“ ჟურნალისტები რუსეთში „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანეს

ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტები ეკატერინე კოტრიკაძე და ვლადიმერ რომენსკი, ისევე როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნატალია სინდეევა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა. როგორც Ria წერს, მათი გვარები უწყების ვებგვერდზე განთავსებულ რეესტრში უკვე ასახულია.

გამოცემა წერს, რომ „დოჟდის“ ჟურნალისტების გარდა, სიას ასევე დაემატა უკრაინელი პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი და საერთაშორისო მედიის ჟურნალისტი ივან იაკოვინა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “დოჟდი”, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ომის კრიტიკულად გაშუქების გამო. საბოლოოდ, იმავე თვეში, ტელეარხი იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა მუშაობა.

“დოჟდის” ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დრაკონული კანონის მიღება რუსეთში, რომლის ძალითაც მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას შემდეგ, რაც “დოჟდმა” მუშაობა შეაჩერა, ტელეარხის არაერთმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტელეარხმა ლატვიაში მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია, რასაც, ლატვიის “ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს” თანახმად, წინ უძღოდა თითქმის 3-თვიანი მოლაპარაკებები.

ხსენებული ლიცენზიის მიღების შემდეგ “დოჟდის” მთავარმა რედაქტორმა ტიხონ დზიადკომ დაწერა, რომ ტელეარხი მაუწყებლობას გეგმავს ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან.

8 თვეზე მეტია, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მეტად გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა, რის ფონზეც არაერთი კრიტიკული მედიასაშუალება იძულებული გახდა, შეეჩერებინა მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი