ახალი ამბები

ღარიბაშვილი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს შეხვდა

1 დეკემბერი, 2022 • 367
ღარიბაშვილი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.

როგორც ოფიციალურ პრესსრელიზშია აღნიშნული, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა.

ქართული მხარის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი