ახალი ამბები

გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

30 ნოემბერი, 2022 • 899
გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მწვანეების, სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ჰოლოდომორი გენოციდად აღიარეს.

ჰოლოდომორი არის მოვლენების ერთობლიობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში 1930-იანი წლების პირველ ნახევარში, რასაც, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ასი ათასობით ან მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.

შიმშილობის გამომწვევი მიზეზები დღემდე დავის საგანია, თუმცა, სხვადასხვა ცნობების თანახმად, საბჭოთა კავშირმა ხორბლის მოსავალი, რომელსაც უკრაინული ქალაქები და სოფლები უნდა გამოეკვება, ადგილობრივ გლეხობას ჩამოართვა, ჩამორთმეული მარცვლეულის ნაწილი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენა, ხოლო ნაწილი მიჰყიდა იმ დროს თავის სავაჭრო, მოგვიანებით კი სტრატეგიულ მოკავშირეს, ნაცისტურ გერმანიას. გერმანიისა და სსრკ-ს მოკავშირეობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

ჰოლოდომორს, როგორც ისტორიულ ფაქტს, უარყოფდა საბჭოთა კავშირი და დღეს უარყოფს რუსეთის ფედერაცია.

„ჰოლოდომორი არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. დღევანდელი პერსპექტივიდან, მოვლენის ისტორიულ-პოლიტიკურ ჭრილში გენოციდად კლასიფიცირება ცალსახაა“, – წერია გერმანელი დეპუტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ბუნდესრესპუბლიკა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს ტრაგედიის მსხვერპლზე ზრუნვასა და რუსული ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლას.

ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს საქართველოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი