სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მხარეს მებრძოლი ოსი ჯარისკაცებისა და მოხალისეების მხარდასაჭერად უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა.
ოსური მედიის ცნობით, გაგლოევმა ოს ჯარისკაცებს ტექნიკური საშუალებები და ეკიპირება [რაციები, კვადროკოპტერები, გენერატორები, მედიკამენტები, საკვები და ა.შ.] პირადად გადასცა.
გაგლოევის პრესსამსახურის განმარტებით, ოს მეომრებს მადლობა გადაუხადა მამაცობისა და გმირობისთვის.
უკრაინაში რუსეთის მიერ გამოცხადებულ “სპეცოპერაციაში” ათასზე მეტი სამხედრო პირი და მოხალისე მონაწილეობს სამხრეთ ოსეთიდან.
ოფიციალური ცნობით, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაიღუპა ცხინვალიდან რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად წასული 20-ზე მეტი მეომარი [როგორც კონტრაქტით მომუშავე ჯარისკაცები, ასევე მოხალისეები].
რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან.