ახალი ამბები

ხაბეიშვილი: აქციის მთავარი შინაარსია, პოლიტიკისგან დაიცალოს მიშას სასამართლო პროცესი

29 ნოემბერი, 2022 • 975
ხაბეიშვილი: აქციის მთავარი შინაარსია, პოლიტიკისგან დაიცალოს მიშას სასამართლო პროცესი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ აცხადებს, რომ 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაანონსებული აქციის მიზანია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პოლიტიკისგან დაცლა.

„რეაქციაში“ ჩართვისას ხაბეიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი ექსპრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების შესახებ და აქცია იმართება იმისთვის, რომ არ მოხდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

„ამ ადამიანმა გასაგებად თქვა, რომ არ ერთვება პოლიტიკაში. მისი სიცოცხლეა გადასარჩენი და სანამ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი, რაზე ვსაუბრობთ. რაც ვნახე გუშინ, წარმოუდგენელია, 2 კილომეტრში არ მოჰყავთ ადამიანი, რომ საზოგადოებამ არ ნახოს. აქციის მთავარი შინაარსია, პოლიტიკისგან დაიცალოს სასამართლო პროცესი და მოსამართლეებს მისცენ შესაძლებლობა, სამართლებრივად გადაწყვიტონ ეს საკითხი, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნით მისი გაყვანა მოხდეს.

ეს ადამიანი არ ერთვება პოლიტიკაში და მესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის თანამებრძოლებს არ გვქონდეს რაიმე აქტივობა. არა რის პოლიტიკური საკითხი, ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია. მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ვაპირებთ 3 დეკემბერს აქციის გამართვას არა იმისთვის რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული, არამედ აპოლიტიკური უნდა იყოს გადაწყვეტილება. სამართლებრივად თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს.

ეს აქცია იქნება ძალიან მშვიდობიანი. აქციაც ემსახურება, შემდეგ რომ პოლიტიკისგან დაცლილი იყოს ეს სასამართლო პროცესი. კობახიძე რა განცხადებებსაც აკეთებს, ბრეგაძემ რაც განაცხადა — ყველა ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს აქციაც, რასაც ვაკეთებთ 3 დეკემბერს, იქნება სოლიდარობის აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკისგან ამ პროცესის დაცლას“ ,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც გუშინ ღამით დააანონსა 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქციის დაანონსება მიზანშეწონილად არ მიაჩანია. ამის შესახებ მან დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის სურვილია, რომ პოლიტიკიდან დისტანცირებული იყოს და ახლა აქციის გამართვა მისი საუკეთესო ინტერესებიდან არ მომდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი