„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქციის დაანონსება მიზანშეწონილად არ მიაჩანია.
ამის შესახებ მან დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის სურვილია, რომ პოლიტიკიდან დისტანცირებული იყოს და ახლა აქციის გამართვა მისი საუკეთესო ინტერესებიდან არ მომდინარეობს.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ ჩემი დღევანდელი პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად [აქცია], რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან. მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული[…]
მე ლევანთან [ხაბეიშვილთან] არ მქონია [კომუნიკაცია]. ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ყველამ ერთად გავიგეთ – ამ ემოციების ფონზე და იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი შაბათს, 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
როგორც ხაბეიშვილი ბრიფინგზე განმარტავს, აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.
მისივე თქმით, არცერთი დღე დასაკარგი არ არის, სწორედ ამიტომ, ხვალიდან რეგიონებში წასვლას და მხარდამჭერებთან შეხვედრებს გეგმავს. შაბათ კი „ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს.