ახალი ამბები

„დაიცავი გელათი“ – 2 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართება

29 ნოემბერი, 2022 • 1038
„დაიცავი გელათი“ – 2 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართება

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ პარასკევს, 2 დეკემბერს, ქუთაისის მერიასთან აქციას გამართავს.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს გელათთან დაკავშირებული ექსპერტული დასკვნები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, რათა დაისახოს სამოქმედო გეგმა და განისაზღვროს პასუხისმგებლობის საკითხები:

„ვფიქრობთ, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ გელათი – ჩვენი იდენტობის სიმბოლო და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – საფრთხეშია. 2013 წლიდან ბოლო დრომდე მიმდინარე ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებმა გელათის მძიმე დაზიანებები გამოიწვია. ექსპერიმენტული წესით შეიცვალა სახურავი – კირდუღაბის საფარზე დაწებდა მოჭიქული კრამიტი.

სახურავმა წყალგაუმტარობა ვერ უზრუნველყო, კედლები დასველდა და მარილების ფენებით დაიფარა უნიკალური კედლის მხატვრობა. ძეგლი დღესაც სველია და ჩვენ თვალწინ ნადგურდება. წლების განმავლობაში პროცესი იყო გაუმჭვირვალე და დაფარული. დღეს, როცა გელათის დაზიანებები თვალსაჩინოა და ვეღარ მიიჩქმალება, გვესმის მხოლოდ თავის მართლება და ურთიერთბრალდებები.

მოვითხოვთ, სრულად გასაჯაროვდეს გელათთან დაკავშირებული ექსპერტული დასკვნები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, რათა დაისახოს შემდგომი პროფესიონალური სამოქმედო გეგმა და განისაზღვროს პასუხისმგებლობის საკითხები.
დავდგეთ გელათის სადარაჯოზე, რომ არ გავხდეთ მისი განადგურების თანამონაწილენი, რომ ჩვენს ეპოქას არ დაერქვას გელათის განადგურების ხანა“ ,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციას ქუთაისის მერიასთან 2 დეკემბერს, 14:00 საათზე აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი