ახალი ამბები

ბრეგაძე: ვთავაზობთ სააკაშვილს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან

29 ნოემბერი, 2022 • 653
ბრეგაძე: ვთავაზობთ სააკაშვილს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმეორებს, რომ იუსიტიციის სამინისტროს არ აქვს იურიდიული ბერკეტი, უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანოს პატიმარი, რომელიც სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

თუმცა მინისტრი ბრიფინგზე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი მოიწვიოს და სახელმწიფო უზრუნველყოფს პაციენტთან მათ დაშვებას:

„უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.

ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები და სახელმწიფომ თითოეულს მისცა შესაბამისი ნებართვები. გამომდინარე იმ მაღალი პასიხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეკიდება, ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში“, – ამბობს რატი ბრეგაძე.

რაც შეეხება ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა, მისი თქმით, ეს არც იუსტიციის სამინისტროს უნახავს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შეაფასებს.

რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის არგადაყვანას, ბრეგაძე ამბობს, რომ ამის რეკომენდაცია თავად ექიმებმა არ გასცეს. ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, სასამართლოში გადაყვანა რეკომენდებულია ისეთ შემთხვევებში, როცა მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, საავადმყოფოდან გადაყვანის პრაქტიკა კი არ არსებობს, რადგანავ იქ პატიმრები სამკურნალოდ იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი