რას ნიშნავს, როცა ტელეწაყვანი მერობის კანდიდატს ეუბნება: ”ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი შეყვარებულია თქვენზე…ჩვენი ლეხ ვალენსა ხართ“? მედიის და სამართლის ექსპერტები ჟურნალისტების ღია და ფარული სიმპათიების შესახებ არჩევნების წინ.
”ზოგადქართული სითბო” და ”გახსნილი საუბარი” პირდაპირ ეთერში
დავით აქუბარდიამ, საკუთარ გადაცემაში ”სტუდია სპექტრი,” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი თამაზ ვაშაძე, მაყურებელს გააცნო, როგორც ”წინასაარჩევნო ბატალიების აღმოჩენა”.
ბატონმა დავითმა თამაზ ვაშაძე შემდეგი სიტყვებით დაახასიათა:
„მინდა გითხრათ, რომ სუბიექტური ვარ და ვაფიქსირებ, რომ ძალიან დიდი სიმპათიები გაგვაჩნია ჩვენ, „კავკასიის“ და, მე მგონი, არა მარტო „კავკასიის“ თანამშრომლებს. თითქმის ყველა ჟურნალისტი, ბატონო თამაზ, თქვენზე არის შეყვარებული, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი კარგი და ზოგადქართული სითბოსა და სიკეთის დემონსტრირება მოახდინეთ… ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი შეყვარებულია თქვენზე.“
„მერობის კანდიდატი ხართ თქვენ, მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი, ჩვენი ლეხ ვალენსა ხართ….“
„…თითქმის ყველა თქვენ გასახელებთ, როგორც ყველაზე ნათელ და დიად ქართველს…”
„…პირველი კანონიერად არჩეული მერი თქვენ იყავით ბოლო საუკუნეში… მე ასევე ვიცი, რომ იურიდიულად დღესაც ქალაქის მერი ხართ. იურიდიულად თქვენ განთავისუფლებულიც არ ყოფილხართ მერობის თანამდებობიდან. მაშინ სამხედრო რევოლუციურმა საბჭომ თუ რაღაცამ დანიშნა ლითანიშვილი იყო, თუ არ ვცდები…“
თამარ კორძაია, საიას მედიის სამართლებრივი დახმერბის ცენტრის იურისტი ამბობს, რომ ჟურნალისტი, მათ შორის ტელეწამყვანიც, მიუკერძოებელი უნდა იყოს. კორძაიას მიაჩნია, რომ დავით აქუბარდიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლი დაარღვია.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: ”ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.”
„მიუკერძოებლობა არის წმინდა ეთიკური საკითხი. ჟურნლისტი ვალდებულია იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. როცა ის თავის სუბიექტურ აზრს გამოხატავს თავის გადაცემაში კონკრეტული კანდიდატის მიმართ, ეს უკვე მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა არის,”- ამბობს თამარ კორძაია.
მედიასამართლის ექსპერტ ალექსანდრე ბარამიძეს მიაჩნია, რომ დავით აქუბარდიამ ზემოთ აღნიშნული კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი და მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი და ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტები დაარღვია.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ”მაუწყებელი ვალდებულია, მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.”
”რას ნიშნავს განცხადება, რომ ”თქვენ იურიდულად მერი ხართ”? ეს არის ტოლფასი იმისა, რომ თავდაყირა აყენებს დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს. თავდაყირა დააყენო საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, ამაზე სხვა პასუხისმგებლობა აკისრია ჟურნალისტს.”
ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი კი მაუწყებელს ავალდებულებს, ”ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია.”
“ეს რომ იყოს მისი პირადი მოსაზრება, ესოდენ მცდარი, ის არ უნდა წარმოეჩინა მას, როგორც ფაქტი და არ უნდა შეეყვანა შეცდომაში მაყურებელი. მით უმეტეს, რომ ამას ავალდებულებს კანონმდებლობა,”- მიაჩნია სანდრო ბარამიძე.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ასეთი ღია მხარდაჭერა რომელიმე არხის სატელევიზიო ეთერში მერობის კანდიდატების მიმართ არ უნდა ხდებოდეს:
”ტელევიზიაში კომენტარი ჟურნალისტის მხრიდან დაუშვებელი რამ არის. ყველა კანდიდატი უნდა იყოს თანაბარ პირობებში და უნდა სარგებლობდეს ამ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც ტელევიზია ჰქვია.”
ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი აცხადებს, რომ კავკასია არც ერთ კანდიდატს და პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს.
სარეკლამო დროის ”ბონუსი გიგი უგილავასთვის”
ია ანთაძე ამბობს, რომ ერთი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა საარჩევნო პერიოდში, ფაქიზი საქმეა, რაც მაუწყებლის რეიტინგზე აისახება. იგი ამბობს, რომ ქართული მედიისთვის ტენდენციურობა დამახასიათებელია:
”გიგი უგულავას ქალაქის მერობის კანდიდატად წარდგინებას სამივე ნაციონალურ არხზე მთელი დღის განმავლობაში 22–წუთიანი სიუჟეტები მიეძღვნა. მათ არ უთქვამთ, რომ მთელი რედაქცია მხარს ვუჭერთ გიგი უგულავას, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ ყველანაირი ბალანსი იყო დარღვეული.”- იხსნებს ია ანთაძე.
ფარული რეკლამირების ერთი მაგალითი 15 მაისის ”კურიერი PS”-ია. სიუჟეტი ლადო გუდიაშვილის მოედნიდან ჩაერთო. გუდიაშვილის ბაღში ”თბილისი ოფენ ეარ” იმართებოდა, სადაც ახალგაზრდობა შეკრებილიყო.
ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა სიუჟეტში, რომელიც არ იყო დაკავშირებული არჩვნებთან, პირველად გიგი უგულავას კადრები აჩვენა. მხოლოდ მას შემდეგ აჩვენეს ის, თუ რა ხდებოდა გუდიაშვილის ბაღში. მან მთელი ნახევარი-ერთი წუთის განმავლობაში გიგი უგულავაზე ისაუბრა:
”…ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირი იყო, როცა აქ თბილისის მერი გიგი უგულავა მოვიდა… ჩემთვის კიდევ უფრო გასაკვირი ის იყო, რომ იგი მოვიდა მეუღლესთან ერთად. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ამ საარჩევნო კამპანიისას გიგი უგულავა პირველი კანდიდატია, რომელიც მეუღლესთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოჩნდა… გიგი უგულავაც კი აჰყვა იმ მუსიკას, რომელიც ისმოდა. მან ნარდიც კი ითამაშა და ერთი ხელიც მოიგო. ..”
სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ ეს სიუჟეტი ახალგაზრდა ამომრჩველზე იყო გათვლილი, რათა უგულავას პერსონა დადებითად წარმოეჩინა. იგი სიუჟეტს აფასებს, როგორც ფარულ რეკლამას. მისი აზრით, ჟურნალისტმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუქტები დაარღვია:
23-ე (2)-კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს, ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.
23-ე (6) -მაუწყებელი ვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე, წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვების პირობები, ტექნიკური სტანდარტები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
”(გადაცემაში) აქცენტები ყურადღებით იყო დასმული. ის, რომ მეუღლესთან ერთად მიბრძანდა ბატონი გიგი, ნარდი ითამაშა, კარგად განაწყობს საზოგადოებას მის მიმართ. ასევე ისიც, რომ როკ ბენდის მუსიკას აჰყვა, ახალგაზრდა კაცია და თავის ტოლებივით, მანაც იმხიარულა,”- სანდრო ბარამიძე.
კანონმდებლობა და პრაქტიკა
სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა ავალდებულებს მაუწყებლებს მიუკერძოებლობას. თუმცა მაუწყებლები გარკვეულ ტენდენციებს გამოხატავენ:
”მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული მიმართულებების მქონე მედია. მიიჩნევა, რომ ფოქს ნიუსი კონსერვატული მიმართულების და რესპუბლიკელების მხარესაა, მცირე რაოდენობა უფრო ლიბერალურია და დემოკრატიული პარტიის მომხრეა.”
ია ანთაძე: ”საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში კანონის სულისკვეთება და რეალობა ძალიან არის აცდენილი. დაცული უნდა იყო მიუკერძოებლობის პრინციპი.
ანთაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ჟურნალისტი არ ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვის მაყურებელი, როგორ აისახება მისი ქმედება მაუწყებლის იმიჯზე:
”საზოგადოება არ არის იმისთვის მზად, რომ თუ რომელიმე ჟუნალისტი მიკერძოებული იქნება რომელიმე კანდიდატის მიმართ პლიუს ან მინუს ნიშნით, ეს ფაქტი საზოგადოებამ ჟურნალისტის ძალიან დიდ შეცდომად აღიქვას.”