ახალი ამბები

მეტროს მემანქანეები ხელფასების 20%-ით მომატებას ითხოვენ

29 ნოემბერი, 2022 • 863
მეტროს მემანქანეები ხელფასების 20%-ით მომატებას ითხოვენ

თბილისის მეტროს მემანქანეები და სხვა თანამშრომლები, – „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულები, – ხელფასების 20%-იან ზრდას ითხოვენ.

თუკი მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, დასაქმებულები გეგმავენ კოლექტიური შრომითი დავის დაწყებას, რაც შესაძლოა, გაფიცვით დასრულდეს.

რა ხდება

სამშაბათს, 29 ნოემბერს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები დიდუბის მეტროს ამოსასვლელთან შეიკრიბნენ და  გამარფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

დამოუკიდებელი პროფკავშირის, „მეტრო 2013-ის“ დამფუძნებელმა ზაზა ბარბაქაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ  დასაქმებულების თხოვნით, დღესვე გეგმავდნენ ჯანდაცვის სამინისტროში ოფიციალური განცხადების წარდგენას კოლექტიური დავის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე, თავი შეიკავეს.

ამის მიზეზი, ზაზა ბარბაქაძის თანახმად, კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული შეტყობინება გახდა – დღეს, 17:00 საათზე, მათთან შეხვედრა ჩაინიშნა.

„თუ მისაღები იქნება მათი წინადადება, აღარ დავიწყებთ კოლექტიურ დავას და ვისაუბრებთ ახალი ხელშეკრულებების შედგენაზე. თუკი არ იქნება მათი წინადადება მისაღები, წერილები მზად გვაქვს სამინისტროში წარსადგენად“, – აცხადებს „მეტრო 2013-ის“ თავმჯდომარე.

„10%-იანი ზრდა“ – მენეჯმენტი

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, – რომელიც თბილისის მეტროპოლიტენს, ავტობუსებსა და საბაგირო გზებს, ასევე საპარკინგე ადგილებს კურირებს, – სახელმწიფო კომპანიაა. მას თბილისის მერია ფლობს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიის დირექცია შეხვდება პროფკავშირებს, მათ შორის „ერთობა 2013-ს“, და „გააცნობს მათ მთავრობისა და მერიის ინიციატივას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით“.

კომპანიაში ასევე გვითხრეს, რომ ამ საკითხზე თბილისის მერმა დღეს მედიასთან უკვე ისაუბრა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელფასები მეტროს თანამშრომლებს 2023 წლიდან გაეზრდებათ, – ისევე, როგორც საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ სხვა პირებს:

„ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბევჯერ ისაუბრა და გააკეთა განცხადებები. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის სახელფასო ზრდა იქნება 10%. ეს, რათქმა უნდა, ეხება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც“, – განაცხადა მან.

„არა ზრდა, არამედ ინდექსაცია“

მეტროს თანამშრომლები კი ხელფასების 20%-იან მატებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ინფლაციიდან და პირველადი თუ სხვა პროდუქტების გაძვირებიდან გამომდინარე, ხელფასები აღარ ჰყოფნით და მათი მოთხოვნა, რეალურად, ინდექსაციაა და არა ხელფასის მომატება.

„ეს 20% არ არის ციდან მოტანილი რიცხვი. ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავსხედით, დავითვალეთ, როგორ გაძვირდა ადამიანებისთვის ცხოვრება, სამომხმარებლო კალათა. ჩვენ ვითხოვთ, რომ დავეწიოთ [ხარჯების ზრდას] 20%-ით, რაც გავღარიბდით, იმას დავეწიოთ“, – ამბობს ზაზა ბარბაქაძე.

ვლადიმერ ხარაზიშვილი, ესკალატორების მემანქანე ამბობს, რომ მის პოზიციაზე ხელფასი საათში 6.03 თეთრია, სმენაში მასთან ერთად მომუშავე ზეინკლისა კი – 5.5 ლარი.

მისი თქმით, 2 დღე მუშაობენ, 2 დღე ისვენებენ: „ერთ დღეს დღისით ვმუშაობთ, ერთ დღესაც ღამით“, – ამბობს იგი.

მისი თქმით, დამატებით, იმის გამო, რომ მეტროში მუშაობა, კანონმდებლობის თანახმად, „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ“ არის განსაზღვრული, ანაზღაურებას ემატება საათში 1 ლარზე ოდნავ მეტი.

„თვეში ეს დამატებით გამოდის მემანქანისთვის 70 ლარი და ზეინკლისთვის- 50 ლარი“, – ამბობს იგი.

“საშუალოდ, მემანქანის პოზიციაზე თვეში 700-800 ლარი გამოგვდის”, – ამბობს ვლადიმერ ხარაზიშვილი.

მისი თქმით, კომპანია დასაქმებულებს შვებულებაში ვერ უშვებს, რადგან კადრების დეფიციტია: „შვებულებაში ვერ გვიშვებენ, ხალხი არა გვყავსო. შეგვპირდნენ, მოგიყვანთ ხალხსო, მაგრამ ვეღარ მოუყვანიათ“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი