ახალი ამბები

„საქართველომ დემოკრატიული შეხედულებებისგან დაშორება დაიწყო“ – ამერიკელი ანალიტიკოსები

29 ნოემბერი, 2022 •
„საქართველომ დემოკრატიული შეხედულებებისგან დაშორება დაიწყო“ –  ამერიკელი ანალიტიკოსები

„ამერიკის ხმა“ აშშ-ის სახელმწიფო დერპატამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის და საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩების, უილიამ კორტნისა და ჯონ ჰებერტის მოსაზრებებს აქვეყნებს.  შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნორობას გამოწვევის წინაშე აყენებს.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ საქართველო ავტორიტარული მიმართულებით მიდის და თუ ქვეყანა ამ გზაზე სვლას განაგრძობს,  შესაძლოა ამან ზიანი მიაყენოს ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობასაც კი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

დემოკრატიის უკუსვლა – ვაშინგტონის ხედვა საქართველოს მიმართ

„იმის შესახებ, რომ საქართველომ დემოკრატიული, პროდასავლური, პროევროპული შეხედულებებისგან დაშორება დაიწყო, ვაშინგტონში უფრო ფართო კონსენსუსი არსებობს, ვიდრე მხოლოდ სენატი და სახელმწიფო დეპარტამენტია“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. უილიამ კორტნის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ამას ნამდვილად აკეთებს. თუმცა ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს – სურთ თუ არა ევროპასთან დაახლოება“.

ვაშინგტონში გამოთქმული შეშფოთებისა და “ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ საპასუხოდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობას რისკავს.

“ეს ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს. თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და უფრო ფართოდ გააგრძელბს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის“, – აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, ჯონ ჰერბსტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა სულ უფრო ანტიამერიკული ხდება და არ შეესაბამება პარტნიორი ქვეყნის ქცევას.

„[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე“, – ამბობს კრამერი.

დევიდ კრამერი „არამეგობრულ ჟესტს“ უწოდებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას გამოთქმას. ზარქუამ სენატორ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან საუბრისას „ჩათლახი“ უწოდა, მოგვიანებით კი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, რომ მისი მიზანი სენატორის შეურაცხყოფა არ ყოფილა, ჟურნალისტებმა კი „შავი მასალა“ გამოაქვეყნეს, რომელშიც, მისი მტკიცებით, კონტექსტი შეცვლილი იყო.

რას რისკავს საქართველო?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი, ძირითად შემთხვევაში, სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სენატში გამართულ მოსმენაზე კრიტიკული განცხადებები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ რამდენიმე მაღალი რანგის სენატორმა, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარემ გააკეთა. ბობ მენენდესმა თქვა, რომ საქართველოს „უდიდესი პოტენციალი აქვს“, ახლა კი ვაშინგტონი იქ ხედავს დემოკრატიის უკუსვლას, დამოუკიდებელი მედიის დევნას, ოპოზიციური ლიდერების დაკავებას.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწისთვის დასმული კითხვისას სენატორმა შაჰინმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევრკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შესახებ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა თავისივე გაცხადებული ვალდებულების შესრულებაზე, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.

ამავე კონტექსტში, სენატორმა შაჰინმა იკითხა, ხომ არ არის დრო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ყოველწლიური დახმარება შეუსაბამოს მისი ხელისუფლების ქცევას. საპასუხოდ კი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დახმარების უდიდესი ნაწილი ისედაც სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს ხმარდება.

რამდენად შესაძლებელია ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას? სენატორის კითხვის პასუხად სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მზადყოფნა გამოთქვა საკითხის განსახილველად. ჯონ ჰერბსტი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი თბილისის ფინანსურ დახმარებას შეამცრიებს, ეს სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება.

„ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და, რა თქმა უნდა, ეს კარგია საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა, თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს, ისაა, რომ შესაძლოა, [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შეუქმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რამლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“, – აცხადებს ჰერბსტი.

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან დაეწყო და არა საქართველოსთან, ეს „ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული“ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. „ამიტომ, ამაზე პასუხის გაცემა არა ავტორიტარული ნაბიჯების შეჩერებით, არამედ შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმით და სასაცილო მტკიცებით გადაწყვიტეს, თითქოს შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს ომში ჩათრევა“ ,- ამბობს ჰერბსტი.

ჰერბსტი ნაკლებად მოელის, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონი საქართველოს დახმარების საკთხს გადახედავს, თუმცა ამას არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლების მიერ „რეტროგრადული ნაბიჯების გაგრძელების შემთხვევაში“.

ვაშინგტონის მიერ საქართველოსადმი შეერთებული შტატების დახმარების გადახედვა, ასევე, ნაკლებად მოსალოდნელია დევიდ კრამერისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ უფრო მოსალოდენლია, შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული ზომები კონკრეტული პრიების მიმართ მიიღოს. კრამერი კვლავ ინდივიდუალური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდა, რეფორმებით განპირობებული დახმარება ვიხილოთ. მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები გარკვეული პირების წინააღმდეგ. თუ  ჩვენს დახმარებას რეფორმების პროგრესზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს. ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ.

პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქიაა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ, ვფიქრობ, დროა დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც, ვფიქრობ, ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს.

ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის. ვფიქრობ, დროა ვთქვათ, ეს საკმარისია“, – ამბობს კრამერი.

საქართველომ, შეერთებლ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან მოყოლრბული, ვაშნგტონისგან 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღო და ეს დახმარება გამიზნული იყო როგორც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, განათლებისა და სხვა სფეროების, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებისთვის. სენატში გამართულ მოსმენაზე ამას ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც.

მიზნები და პერსონები – ანტიდასავლური რიტორიკის უკან

კარენ დონფრიდმა სენატში გამართულ მოსმენაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს მხარს. ამის გათვალისწინებით ანალიტიკოსებს ვკითხეთ, ვინ შეიძლება იდგეს ანტიდასავლური რიტირიკის უკან და რა შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების მიზანი, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა პროდასავლურია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

“ვფიქრობ, ნათელია, რომ ამის უკან ბატონი ივანიშვილი დგას. პარლამენტის თვამჯდომარე მას იცავს ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარებისგან. ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა პარლამენტარები იცავენ. ვხედავთ, რომ მას იცავს პრემიერ-მინისტრი და ცოტა ხნის წინ მან ივანიშვილის შესახებ ევროპარლამენტსაც კი მისწერა. როგორც მე ვიცი, ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, არც მთავრობაში და არც „ქართულ ოცნებაში“. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ ის დაიცვას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს მართავს და მას ჰყავს ხალხი, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს“, – ამბობს კრამერი.

კრამერის თქმით, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას აშინებდეს ქვეყნის დასავლური განვითარება, რაც სამართლიან არჩევნებსაც გულისხმობს და რის შედეგადაც, შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის შემაშფოთებელი „სიმყუდროვე“ შეინიშნება.

„როგორც ჩანს, მათ დაასკვნეს, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან; რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ნიშნავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ხელისუფლების შეცვლა. მეჩვენება, რომ მზარდი სიმყუდროვეა თბილისში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვში ხელისუფლებაში მყოფ პარტიას შორის. მე ეს მაოცებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს იკავებს, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით და იმ მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც პუტინი საქართველოს უქმნის. მაგრამ, როგორც ჩანს, ესაა ადგილი, სადაც „ქართული ოცნება“ თავის მომავალს ხედავს“, – აცხადებს კორტნი.

ჯონ ჰერბსტიც ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ძალაუფელბის შენარჩუნების სურვილია.

„ვფიქრობ, მათი [საქართველოს ხელისუფლების] მთავარი მიზანი ძალაუფების შენარჩუნებაა, თუნდაც ამისთვის ავტორიტარული ზომების მიღება იყოს საჭირო. ზოგიერთს სწამს, რომ ქართველი ლიდერები მოსკოვის მიმართ ერთგვარი ჟესტის გაკეთებას ცდილობენ. ვიცი, რომ ამას ქართული ოპოზიციაც ხშირად ამბობს. არ ვიცი, მართალია ეს თუ არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მოსკოვში ეს ჟესტი ნამდვილად კარგად მიიღეს და ეს არის შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი“, – ამბობს ჰერბსტი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფუნდამენტურად, საქართველო ჯერ კიდევ დემოკრატიული საზოგადოებაა, თუმცა, როგორც უილიამ კორტნი ამბობს, „ის ავტორიტარული მიმართულებით მოძრაობს, რაც პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი