ახალი ამბები

დეკანოიძე განმარტავს, რატომ ვერ გადაიყვანეს სააკაშვილი სასამართლო დარბაზში

28 ნოემბერი, 2022 • 445
დეკანოიძე განმარტავს, რატომ ვერ გადაიყვანეს სააკაშვილი სასამართლო დარბაზში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკა „ვივამედის“ ექიმები პასუხისმგებლობას ვერ იღებენ სასამართლოში მსჯავრდებულის ეტაპირებაზე.

დეკანოიძის თქმით, ის ესაუბრა ექსპრეზიდენტის მკურნალ ექიმს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა ლეტალური შედეგი სასამართლოში ტრანსპორტირებისას დადგეს:

„ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  საავადმყოფო და ექიმები არ აძლევენ სასამართლო დარბაზში ეტაპირების უფლებას. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ გზაში ლეტალური შედეგი არ დადგება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ“, – ამბობს დეკანოიძე.

მისი თქმით, ბოლოს მიხეილ სააკაშვილი 10 დღის წინ მოინახულა და მას შემდეგ ზედაპირული დაკვირვებით მისი მდგომარეობა დამძიმებულია. კერძოდ, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს გაუმძაფრდა ხელის კანკალი, ასევე, ტრემორი აღენიშნება თვალზეც, რაც 10 დღის წინ არ ჰქონდა.

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ მოხდება (გარდა იმისა, რომ ექიმების შეფასებით, ეს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია,) ასევე შეიძლება იყოს ისიც, რომ ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოებამ იხილოს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი:

„ასევე, ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. მე ექიმი არ გახლავართ, მაგრამ ზედაპირულად ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე არ მგონია, მან შეძლოს ჩვენების მიცემა ან ჰქონდეს იმის ძალა, კომენტარი მისცეს სასამართლოს. გარდა ამისა, მჯერა, რომ მათ არ უნდათ, მიხეილ სააკაშვილი როგორც გამოიყურება, ეს ნახოს მთელმა მსოფლიომ”, – აცხადებს დეკანოიძე.

ადვოკატების ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილს სურდა, საკუთარ სასამართლო პროცესს დასწრებოდა. დღეს, 28 ნოემბერს, სასამართლოში განიხილებოდა საქმე სააკაშვილის მხრიდან “საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ”. სასამართლოს შენობა და ვივამედის კლინიკა ერთ ქუჩაზე მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი