საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლიდან მთავრობა დაიწყებს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას.
მისი განცხადებით, პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება და, ჯამში, 1 მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება.
„იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა.
ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2023 წლიდან ქვეყანა ასევე იწყებს 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტავიასაც, ხოლო 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე.