ახალი ამბები

იშვიათი პროტესტი ჩინეთში — რატომ და როგორ ეწინააღმდეგებიან “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკას

28 ნოემბერი, 2022 • 642
იშვიათი პროტესტი ჩინეთში — რატომ და როგორ ეწინააღმდეგებიან “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკას

ჩინეთის “ნულოვანი” კოვიდის პოლიტიკის საწინააღმდეგო პროტესტი, რომელიც სინძიანის პროვინციაში მომხდარი ხანძრის შემდეგ დაიწყო, დიდ ქალაქებშიც გაიშალა.

COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციების გაუქმების მოთხოვნებთან ერთად, მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან გაისმა მმართველი “კომუნისტური პარტიისა” და პრეზიდენტის საწინააღმდეგო შეძახილები, რაც მეტად იშვიათია ჩინეთის რეალობაში.

რამ გამოიწვია პროტესტი

მესამე წელია, ჩინეთში  “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკა მოქმედებს. მრავალგზის დაწესებული ლოკდაუნები და სხვა შეზღუდვები მრავალი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში გამოვლინდა COVID-19-ის ახალი შემთხვევები, რომელთა რაოდენობაც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში აღრიცხულ შემთხვევებთან შედარებით დაბალია, თუმცა ჩინეთისთვის — რეკორდული.

შაბათს ქვეყანაში ვირუსის 40 000 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, რასაც ახალი ლოკდაუნების დაწესება მოჰყვა სხვადასხვა ქალაქში.

ზემოხსენებული პროტესტის უშუალო განმაპირობებელი იყო ხუთშაბათს მომხდარი ხანძარი ჩინეთის დასავლეთში, სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, რომელსაც სულ მცირე ათი ადამიანი შეეწირა.

როგორც BBC წერს, მრავალ მოქალაქეს სჯერა, რომ კოვიდთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს, შესაძლოა, გარკვეული როლი ეთამაშა ადამიანების დაღუპვაში. აღნიშნულს უარყოფენ ადგილობრივი მაღალჩინოსნები და სახელმწიფო მედია, რომელიც ამტკიცებს, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ბინების დატოვების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ურუმჩიში მომხდარ ხანძარს წინ უძღოდა სხვა ინციდენტები და მოქალაქეთა დაღუპვის სხვა შემთხვევებიც:

ოქტომბერში ქალაქ ხენანში დაიღუპა კარანტინის ცენტრში განწესებული 14 წლის გოგო, რომელსაც, მამის თქმით, სიცხემ აუწია და ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება;

მიმდინარე თვეში ქალაქ ჭენჭოუში მცხოვრებმა ოჯახმა თქვა, რომ მათი ბავშვი დაიღუპა, რადგან სასწრაფო დახმარებამ დაიგვიანა კოვიდის თანმდევი შეზღუდვების გამო;

სექტემბერში, ქალაქ გუიჯოუში, ავარიაში მოჰყვა ავტობუსი, რომელსაც მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდა. 27 ადამიანი დაიღუპა.

ეს და სხვა ინციდენტები მოქალაქეთა შორის ბრაზს იწვევდა, თუმცა უკმაყოფილებას არ მისცემია იმგვარი პროტესტის სახე, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ჩინეთის ქალაქებში.

თავად ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკა საჭიროა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასარიდებლად.

სად და როგორ აპროტესტებენ

ვიდეოების მიხედვით, პარასკევს ურუმჩის მოქალაქეები სამთავრობო შენობასთან აქციას მართავდნენ და ლოკდაუნის დასრულებას მოითხოვდნენ.

CNN-ის ცნობით, იმავე დღეს ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ეტაპობრივად მოხსნიან შეზღუდვებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ.

ხსენებულმა დაპირებამ ბრაზი ვერ ჩაახშო და დემონსტრაციები მალე ჩინეთის სხვა ქალაქებშიც დაიწყო. მათ შორისაა დედაქალაქი პეკინი და ფინანსური ცენტრი შანხაი, ასევე, ჩენდუ, ნანკინი და ლანჭოუ.

შაბათს შანხაიში მოქალაქეები სკანდირებდნენ “თავისუფლება! თავისუფლება” და “არა PCR ტესტებს, ჩვენ გვინდა თავისუფლება!”

კადრების თანახმად, ქალაქ ვუჰანში, რომელიც პანდემიის კრიზისის საწყის წერტილად მიიჩნევა, ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ზოგიერთმა კი რკინის ბარიკადები გაარღვია და PCR-ტესტებისთვის განკუთვნილი კარვები გადააბრუნა.

კვირას პეკინის პრესტიჟულ, ცინგხუას უნივერსიტეტში სტუდენტები სკანდირებდნენ “თავისუფლება დამყარდება” და ლოკდაუნის დასრულებას მოითხოვდნენ, მდინარის სანაპიროებზე კი ასობით ადამიანმა გამართა მშვიდობიანი აქციები, რომლითაც პატივი მიაგო ურუმჩის ხანძრისას დაღუპულთა ხსოვნას.

ზოგიერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა რიტორიკა შეზღუდვების მოხსნაზე უფრო შორს წავიდა, გახმიანდა რა მკვეთრად ანტისახელისუფლებო სლოგანები:

შაბათს ღამით შანხაიში გამართულ აქციაზე ღიად გაისმა სლოგანები “სი ძინპინ, გადადექი!” და “კომუნისტურო პარტიავ, გადადექი!”

ვიდეოების მიხედვით, მომდევნო დღეს, კვირას, ქალაქ ჩენდუში ისმოდა შეძახილები “ჩვენ არ გვინდა უვადო მმართველები. ჩვენ არ გვინდა იმპერატორები”. Reuters-ის მიხედვით, ეს იყო მინიშნება პრეზიდენტ სი ძინპინზე, რომელმაც საპრეზიდენტო ვადები გააუქმა.

ჩინეთში,სადაც მკაცრად მოქმედებს სახელმწიფო ცენზურა, საზოგადოებრივი პროტესტი იშვიათია, მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის კრიტიკა — საფრთხის შემცველი.

სპონტანურ პროტესტს სხვადასხვა საკითხების გარშემო გასულ წლებშიც ჰქონია ადგილი, თუმცა ამჟამინდელი აქციები, მათი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საერთაშორისო მედიაში.

“გარკვეულწილად, ძნელია იმის ახსნა, თუ რამდენად შოკის მომგვრელია, მოუსმინო შანხაიში შეკრებილებს, რომლებიც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გადადგომისკენ მოუწოდებენ”, — წერს BBC-ს ჩინეთის კორესპონდენტი სტივენ მაკდონელი.

როგორია ხელისუფლების რეაქცია

როგორც BBC წერს, პოლიციამ დიდწილად საშუალება მისცა მისცა მოქალაქეებს, გაეგრძელებინათ აქციები, თუმცა შანხაიში ძალოვნებმა არაერთი პირი დააკავეს და ქუჩებში ბარიკადები აღმართეს.

დაკავებულებს შორის იყო BBC-ის ჟურნალისტი ედვარდ ლოურენსი, რომელიც, ტელეარხის თანახმად, დაკავებისას პოლიციამ სცემა. მოგვიანებით ლოურენსი გაათავისუფლეს.

“ეს მოხდა მაშინ, როცა აკრედიტებულ ჟურნალისტად მუშაობდა”, — ამბობს ტელეკომპანია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ტელეარხის განცხადება რეალობას არ ასახავს, ლოურენსს თავი რეპორტიორად არ წარმოუდგენია და არც პრესის ბარათი უჩვენებია.

ზოგიერთი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, რომ დაცვის წევრებმა საპროტესტო ბანერები ჟაკეტებითა და შავი საღებავით დაფარეს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, როგორ ეუბნება უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტებს, რომ პასუხს აგებენ “იმისთვის, რაც დღეს გააკეთეთ”.

CNN-ის ცნობით, კვირას პეკინის გუბერნატორმა აკრძალა საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელების ჩაკეტვა ლოკდაუნის ფარგლებში, აღნიშნა რა, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებისთვის შესასვლელები ღია უნდა იყოს.

ცენტრალური მთავრობა პროტესტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. აქციებს სახელმწიფო მედიაც, დიდწილად, არ იმჩნევს.

ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ “სოციალურ მედიაში არიან ძალები ფარული მოტივებით”, რომლებიც ურუმჩის ხანძარს უკავშირებენ შეზღუდვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი